ფარცხალაძის გადადგომა

პრეზიდენტი: ფარცხალაძეზე საკითხი მოგვარდა ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველშვილის თქმით, "მთავარ პროკურორთან დაკავშირებული საკითხი მოგვარდა ისე, როგორც მსგავს საკითხებს ცივილიზებულ ქვეყნებში განიხილავენ".

"ეს პროცესი იყო სრულიად ღია. არ მომხდარა ამ თემის ტაბუირება, პირიქით, მიმდინარეობდა მისი განსჯა. ჩემი ინტერესი სწორედ ის იყო, რომ პროცესი ყოფილიყო ღია და ჩვენ ეს საკითხი მოვაგვარეთ ისე, როგორც მსგავსი საკითხები განიხილება ევროპაში და ცივილიზებული სამყაროს სხვადასხვა ქვეყნებში. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ პროცესი ყოფილიყო სრულიად დემოკრატიული", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ახალი მთავარი პროკურორის შესაძლო კანდიდატურას, პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული საკითხით არ ინტერესდება, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა. ამის შესახებ ფარცხალაძემ განცხადება გაავრცელა.

"ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა.

დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს ყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა ეჭვქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა. გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება.

მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მთელ მთავრობას, რომლებთან თანამშრომლობაც ჩემთვის დიდი პატივი იყო.

მე მრავალი წელი ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ახლაც მზად ვარ, გავაგრძელო საქმიანობა ნებისმიერ პოზიციაზე და ერთგულად ვემსახურო ჩემს სამშობლოს",- წერია განცხადებაში.

კომენტარები