გიგი უგულავას საქმე

თბილისის მერია სააპელაციო სასამართლოს დამატებით განმარტებას სთხოვს

Wikipedia

თბილისის მერია სააპელაციო სასამართლოს დამატებით განმარტებას სთხოვს. მერიის განცხადებით, მიმდინარე წლის 28 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა განჩინების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღსასრულებლად მნიშვნელოვანი რამდენიმე სამართლებრივი საკითხი.

"1. აქვს თუ არა სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულ მოცემულ დამატებით განამარტებას სავალდებულო იურიდიული ძალა;

2. კანონმდებლობის რომელი ნორმით იხელმძღვანელა სასამართლომ მოცემული დამატებითი განმარტების გავრცელებისას;

3. სააპელაციო სასამრთლოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბრის №1გ/791-13 განჩინებით ძალაში დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დადგინდა: "განჩინება შესასრულებლად და ცნობისათვის გადაეცეს სსსკ-ის 206 მუხლის მე-7 ნაწილში მითითებულ პირებსა და ორგანოებს", შესაბამისად, გთხოვთ დამატებით განგვიმარტოთ, რა იგულისხმება განჩინების მოცემულ პუნქტში და რა ფორმით უნდა შესრულდეს განჩინება;

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბრის №1გ/791-13 განჩინებით ძალაში დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დადგინდა: "მიღებისთანავე, განჩინების დაუყოვნებლივ შესრულების შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინება დაევალოს ქ. თბილისის მერიას" - გთხოვთ, დამატებით განგვიმარტოთ რა იგულისხმება განჩინების მოცემულ პუნქტში, რა ფორმით უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ განჩინება და რა სახის შეტყობინება უნდა გაეგზავნოს სასამართლოს;

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბრის №1გ/791-13 განჩინებით ძალაში დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დადგინდა: "განჩინების აღსრულების ორგანიზების უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორს მალხაზ კაპანაძეს." - გთხოვთ, დამატებით განგვიმარტოთ რა ზომებს უნდა მიმართოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა განჩინების აღსრულების ორგანიზების უზრუნველსაყოფად და საკმარისი ღონისძიებაა თუ არა აღსრულების უზრუნველსაყოფად მერიისთვის განჩინების ასლის ჩაბარება;

6. გთხოვთ ასევე, განგვიმარტოთ, დგება თუ არა განჩინების ზემოთ მოყვანილი პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი და კონკრეტულად რომელი ორგანო/თანამდებობის პირია მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი;
იმედი გვაქვს სააპელაციო სასამართლო ამჯერადაც გაითვალისწინებს საზოგადოების მაღალ ინტერესს და თბილისის მერიის სურვილს, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით შეასრულოს სასამართლოს განჩინება და გონივრულ ვადებში განმარტავს ზემოთ მოცემულ სამართლებრივ საკითხებს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, ბრალდებული გიგი უგულავა ქალაქის მერის თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება. სააპელაციო სასამართლომ "საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე", უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 28 დეკემბერს დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ უგულავას აღარ აქვს უფლება განახორციელოს ქალაქის მერისათვის კანონით დადგენილი უფლებამოსილებები.

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 26 დეკემბერს №1გ/791-13 განჩინებით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინება ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნტის დანაწესზე, რომლის მიხედვით სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ კანონიერ ძალაში შევიდა განჩინების მიღებისთანავე და გადაეცა საქმეში მონაწილე მხარეებს. შესაბამისად, ბრალდებული გიორგი უგულავა ითვლება ქალაქის მერის თანამდებობიდან გადაყენებულად და მას არ აქვს უფლება განახორციელოს ქალაქის მერისათვის კანონით დადგენილი უფლებამოსილებები", - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის თქმით კი, მოსაზრება, რომ სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ, მერი თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება, სამართლებრივად მცდარია.

"სასამართლოს მიერ მითითებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს განჩინება აღნიშნავს პირის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც შესასრულებლად უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს, ანუ სასამართლოს არ აქვს უფლება, რომ პირი თანამდებობიდან გადააყენოს. თბილისის მერის შემთხვევაში მას, როგორც პირდაპირი გზით არჩეულ პირს, ზემდგომი ხელმძღვანელი არ ჰყავს, ვინც სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს", - ამბობს მერის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს, "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებულ ბრალდებაზე უგულავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ის ღონისძიებად 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 22 დეკემბერს კი, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, მოსამართლემ დედაქალაქის მერს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლებამოსილება შეუჩერა.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას გათავისუფლება ძალაში დატოვა. უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები