პატრიარქის საახალწლო მილოცვა

ილია მეორე: საქართველოს მომავალი ნათელია და საიმედო

საქართველომ და მთელმა კავკასიამ ოქროს შუალედი უნდა აირჩიოს - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილიამ მეორემ საახალწლო მილოცვაში.

"ყველას მოგესალმებით. ღვთის წყალობით მოგვიახლოვდა ახალი წელი. ყოველ ახალ წელს ჩვენ დიდი იმედებით ვხვდებით. დღესაც ჩვენს იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს. უპირველეს ყოვლისა, ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა შეიცნოს თავი თვისი. ჯერ ძველი რომაელები ამბობდნენ nosce te ipsum - შეიცანი თავი შენი. ყველაზე დიდი საიდუმლოება ჩვენშია. ჩვენში დავინახავთ ჩვენ ღმერთს, სიკეთეს, ბოროტებას. ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ განიწმინდოს თავისი გული და ადამიანის გული უნდა გახდეს ტაძარი სულისა წმინდისა. 

ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელია და საიმედო. საქართველომ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი და მე ვიტყოდი, მთელმა კავკასიამ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი, ამიერკავკასია კი არ უნდა იყოს წინააღმდეგობის და დაპირისპირების ასპარეზი, არამედ თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ასპარეზი უნდა გახდეს. მე დღეს გულითადად ვულოცავ ახალ წელს მთელს საქართველოს. ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს და ყველას, ვინც ცხოვრობს საქართველოში. ჩვენ იმედით ვხედავთ, ვუყურებთ მომავალს და ეს იმედი დამყარებულია ჩვენს რწმენაზე. მართლმადიდებელი სარწმუნეობა, სიყვარული და სასაოება უნდა სუფევდეს ადამიანის გულში.

დღეს მე განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ ავადმყოფებს, საავადმყოფოში, თუ სახლში მყოფთა. მე ვულოცავ პატიმრებს, გაჭირვებულთა და გისურვებთ, რომ თქვენი გაჭირვება, თქვენი მწუხარება სიხარულით შეიცვალოს. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უპირველეს ყოვლისა საჭიროა მადლი ღვთისა, წყალობა და მადლი წინაპრებისა და კეთილი საქმეები თვითონ ადამიანისა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების დალოცვას. მშობლებმა უნდა დალოცოთ თქვენი შვილები და ეს უნდა ხდებოდეს ყოველ დღე. შვილი უნდა ღებულობდეს ლოცვა-კურთხევას თავისი დედისაგან და მამისაგან და უნდა ემთხვიოთ მშობლებს ხელზე. აი, ამ მთხვევის დროს ღვთის ლოცვა-კურთხევა გადმოვა თქვენზე. კურთხევა უფლისა თქვენს ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარეობითა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ" - ბრძანა პატრიარქმა. 

კომენტარები