Mars One

მარსზე ექსპედიციისთვის 1058 კანდიდატია შერჩეული

topics.cbc.ca

პროექტის Mars One ორგანიზატორებმა, შერჩევის პირველი ტურის შედეგად, მარსზე ექსპედიციის 1058 პოტენციური მონაწილე შეარჩიეს. ისინი მსოფლიოს 107 ქვეყანას წარმოადგენენ. მათი შერჩევა 200 ათასი განაცხადიდან მოხდა.

საბოლოოდ წითელ პლანეტაზე ექსპედიციაში 2023 წელს მხოლოდ ოთხი ადამიანი გაემგზავრება. ასტრონავტების დედამიწაზე დაბრუნება გათვალისწინებული არ არის - ისინი მარსზე პირველ მუდმივ ბაზაზე სიცოცხლის ბოლომდე უნდა დარჩნენ. ამის მიუხედავად, პროექტს ასეულათასობით მოხალისე გამოეხმაურა.

პროექტის წარმომადგენლის ნორბერტ კრაფტის განცხადებით, შერჩევის შემდეგ ეტაპზე - 2014-2015 წლებში, კანდიდატთა ფიზიკური და ემოციური შესაძლებლობების შემოწმება მოხდება.
პროექტის ორგანიზატორები კანდიდატთა შერჩევისა და ტესტირების პროცესის რეალითი-შოუს რეჟიმში ტრანსლირებას გეგმავენ, რისთვისაც მოლაპარაკებები სხვადასხვა ტელეარხთან მიმდინარეობს.

პროექტი Mars One ნიდერლანდებშია დაფუძნებული. მარსზე ექსპედიციის დაწყება 2018 წელს არის დაგეგმილი, როდესაც ამ პლანეტაზე რობოტები გაიგზავნება და მარსზე მუდმივი ბაზის მშენებლობისთვის მზადება დაიწყება.

კომენტარები