მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ხელბურთში

ქართველმა ხელბურთელებმა თურქეთის ნაკრები დაამარცხეს

msy.gov.ge

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობს. პირველ ჯგუფში, ქართველი ხელბურთელების გარდა, ლიტვის, ფინეთისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები გამოდიან.

პირველ შეხვედრაში საქართველო ლიტვასთან 17:23 დამარცხდა, შემდეგ ფინეთს 26:19 მოუგო, ანკარაში კი თურქეთთან 29:23 დამარცხდა.

5 იანვარს ჯორჯე რასიჩის გუნდმა, თბილისის სპორტის სასახლეში თურქეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით - 33:26 დაამარცხა.

ქართველმა ხელბურთელებმა შეხვედრა თავდაჯერებულად დაიწყეს და პირველ ნახევარში მეტოქეს ოთხი ბურთით მეტი გაუტანეს - 19:15. შესვენების შემდეგ, თურქები გააქტიურდნენ, მაგრამ ქართველთა გუნდის მეკარე შოთა თევზაძე საიმედოდ გამოიყურებოდა. შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა კიდევ ერთმა ქართველმა ხელბურთელმა რატი მსხვილიძემ, მის ანგარიშზე 11 ბურთია.

საბოლოო ანგარიში ასეთია - 33:26 ქართველთა სასარგებლოდ. ამ გამარჯვების წყალობით, ჯორჯე რასიჩის გუნდი პლეიოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. საქართველო 4 ქულით ამჟამად ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან ლიტვას 3 ქულით ჩამორჩება. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი - 8 იანვარს ქართველი ხელბურთელები ლიტვას უმასპინძლებენ, 11-ში კი სტუმრად, ფინეთს შეხვდებიან.


კომენტარები