კორუფციული სკანდალი თურქეთში

კორუფციული სკანდალის შემდეგ 350 თურქი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

0 კომენტარი
Turkey's Prime Minister Tayyip Erdogan talks during the Southeast European Cooperation Process Summit in Istanbul ფოტო: Osman Orsal / REUTERS

თურქეთის მთავრობამ 6 იანვარს გვიან ღამით გამოცემული დეკრეტით სამსახურიდან გაათავისუფლა პოლიციისა და სხვა საგამოძიებო უწყების ის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობდნენ რამდენიმე კვირის წინ გამოაშკარავებული კორუფციული სქემის გამოძიებაში.

გათავისუფლებულთა შორის არიან ფინანსური დანაშაულის, ასევე კორუფციული და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელები. BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის მთავრობამ სულ 350 პოლიციელი გაათავისუფლა.

2013 წლის დეკემბერში თურქმა სამართალდამცავებმა ჩაატარეს მასშტაბური სპეცოპერაცია, რის შედეგადაც კორუფციისა და მექრთამეობის ბრალდებით ათეულობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის, პრემიერმინისტრ ერდოღანთან დაახლოებული ბიზნესმენები და რამდენიმე მინისტრის შვილი. პოლიციის ცნობით, მინისტრის შვილები სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად საჯარო ტენდერებს კორუფციული სქემით მართავდნენ და მილიონობით შემოსავალს იღებდნენ. სკანდალის შედეგად მინისტრთა კაბინეტი სამმა მინისტრმა დატოვა.

თურქეთის პრემიერმინისტრმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა კი სპეცოპერაციას "ბინძური შეთქმულება" უწოდა, რასაც პოლიციელთა მასობრივი გათავისუფლება მოჰყვა.

თურქულ გამოცემა Dogan News-ზე დაყრდნობით BBC წერს, რომ კორუფციული სკანდალი და შემდეგ პოლიციელთა გათავისუფლება შედეგია იმ ფარული დაპირისპირებისა, რომელიც მიმდინარეობს მმართველ პარტიაში პრემიერმინისტრ ერდოღანის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. თურქეთში არსებობს მოსაზრება, რომ ერდოღანის მოწინააღმდეგეები გაერთიანებულნი არიან ამერიკაში მცხოვრები ისლამისტი მეცნიერის, ფეტულა გიულენის იდეების გარშემო, რომელიც ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგეა.

გიულენის მოძრაობა Hizmet-ის წევრებს თურქეთის სხვადასხვა უწყებასა და სფეროში, მათ შორის, მმართველ პარტიაში, გავლენიანი პოსტები უკავიათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები