პატიმართა წამება

მეგის ქარდავასა და გაგა მკურნალიძეს ბრალი წამების მორიგი ეპიზოდისთვის წაუყენეს

საქართველოს მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პატიმრების წამებისთვის მეგის ქარდავასა და გაგა მკურნალიძეს ბრალი წაუყენა. დღეს, 8 იანვარს, ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

"2014 წლის 8 იანვარს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე და შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე ამჟამად იმყოფებიან მიმალვაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 2 აპრილს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს 1989 წელს დაბადებული ელდარ ქობალია, რომელიც გადაიყვანეს ზუგდიდის პოლიციის შენობაში, სადაც აწამეს, მოუწყვეს სქესობრივი ძალადობის ინსცენირება და მეგის ქარდავა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად თხოვდა ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებას. როგორც ირკვევა, იმავე ღამით ზუგდიდში ჩავიდნენ და შსს სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე იოსებ თოფურიძე და შს სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები. იმავე დღეს ელდარ ქობალიას ასახლებენ ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

2011 წლის 4 აპრილს კი ელდარ ქობალიას და კობა მატკავას უკვე აკავებს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე.

5 აპრილს, გამთენიისას ნაცემი და ნაწამები ელდარ ქობალია ზუგდიდიდან გადაიყვანეს და შეასახლეს მოდულის შენობაში განთავსებულ თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. 2011 წლის 6 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ე.ქობალიას და კობა მატკავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და შეასახლეს სად-ის მე-8 დაწესებულებაში.

პატიმარ ელდარ ქობალიაზე ზეწოლის გაგრძელების მიზნით, მე-8 დაწესებულების დირექტორის - ალექსანდრე მუხაძის უკანონო სიტყვიერი ბრძანებით, ელდარ ქობალია შესახლებისთანავე მოათავსეს ე.წ. ფუქსებში, რომელიც წარმოადგენდა გისოსებიან ოთახს და პატიმართა მხოლოდ რამოდენიმე საათით მოთავსებისათვის გამოიყენებოდა, ვინაიდან არ არის აღჭურვილი ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური საშუალებებით. ელდარ ქობალია ასეთ გაუსაძლის პირობებში გაჩერებული ჰყავდათ 6 დღის განმავლობაში.

2011 წლის 11 აპრილს მე-8 დაწესებულებაში მივიდნენ გაგა მკურნალიძე და მეგის ქარდავა, რომელთა მითითებითაც დაწესებულების თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილის კაბინეტში აიყვანეს პატიმრები ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია. მეგის ქარდავამ და გაგა მკურნალიძემ სხვადასხვა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით დაიწყეს ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამება - ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ ცემდნენ მითითებულ პირებს, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით. პატიმართა წამებისას მეგის ქარდავა და გაგა მკურნალიძე იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გახდა დასატენი. წამების დროს, ელდარ ქობალიამ ვერ გაუძლო მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და დაკარგა გონება. რამდენიმესაათიანი წამების შემდგომ მეგის ქარდავამ და გაგა მკურნალიძემ გონებადაკარგული ელდარ ქობალია ოთახის კარებთან მიათრიეს და იქვე დატოვეს. მოგვიანებით, სად-ის N8 დაწესებულების თანამშრომლებმა ხსენებული პატიმრები დააბრუნეს თავიანთ საკნებში.

წამების შედეგად, ელდარ ქობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც, 2011 წლის 11 აპრილს, შუადღისას, ციხის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში მყოფი ელდარ ქობალია ე.წ. ფუქსებიდან გადაიყვანეს საკანში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ვიზუალურად გასაკონტროლებლად შეასახლეს სხვა პატიმარი. მოგვიანებით, ელდარ ქობალიას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ისე, რომ მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, იმავე დღეს გარდაიცვალა.

გამოძიება აგრძელებს მუშაობას ზუგდიდში ელდარ ქობალიას მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების ჩამდენი პირების ბრალეულობის დასადგენად.

ბრალდებულების მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 144 1 მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით".

კომენტარები