ბიონსე

ბიონსე - "ეშმაკის აგენტი"

Instagram/Beyonce

ამერიკელი ვარსკვლავის ბიონსეს მოულოდნელად გამოსული ალბომის შემდეგ დაახლოებით ერთი თვის გასვლის მიუხედავად, მის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. ალბომში შესულმა კომპოზიციამ XO-მ ამერიკული ორგანიზაცია NASA-ს გაღიზიანება გამოიწვია. მომღერალმა სიმღერის დასაწყისში 1986 წელს კოსმოსური ხომალდის ჩელენჯერის აფეთქებისას NASA-ს წარმომადგენლის აუდიოჩანაწერი გამოიყენა, სადაც ის ამბობს, რომ ”ფრენის კონტროლის სამსახური ხომალდზე არსებულ სიტუაციასა და ყველა ძირითად დარღვევას ყურადღებით აკვირდება”. შეგახსენებთ, რომ აფეთქებისას 7 ადამიანი დაიღუპა.

აუდიოჩანაწერის გამოყენებამ აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახების გაღიზიანება გამოიწვია. მათი თქმით, სიმღერაში ამ ჩანაწერის მოსმენა მათთვის ემოციურად რთულია. NASA-ს ყოფილმა თანამშრომელმა ქეით ქოუინგმა კი აუდიოჩანაწერს კომპოზიციასთან შეუთავსებელი უწოდა და ბიონსეს მისი სიმღერიდან ამოღებისკენ მოუწოდა.

თავად ბიონსემ კი აღნიშნა, რომ აუდიოჩანაწერი დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოიყენა.

ამჯერად, ბიონსემ ქრისტიანთა გაღიზიანება გამოიწვია. მან სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ატვირთა მაიამის ერთ-ერთ ბარში გადაღებული ფოტო, სადაც ენდი უორჰოლის ნამუშევრის, საიდუმლო სერობის ფონზე ბიონსე, სწორედ რომ იესო ქრისტეს გასწვრივ ზის.

ამერიკის კონსერვატიული ქრისტიანების ჯგუფის პრეზიდენტმა აღნიშნულ ფოტოს ქრისტეს მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობა უწოდა. მისი თქმით, ბიონსეს ეს საქციელი წინასწარ ჰქონდა განზრახული.

The Washington Post-ის ინფორმაციით, ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ბიონსეს "ეშმაკის აგენტად" მოიხსენიებენ.

კომენტარები