კორუფციული სკანდალი თურქეთში

თურქეთის ხელისუფლებამ პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები გაათავისუფლა

Turkey's Prime Minister Tayyip Erdogan talks during the Southeast European Cooperation Process Summit in Istanbul
Osman Orsal / REUTERS

თურქეთის ხელისუფლებამ 16 პროვინციაში პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები გაათავისუფლა. თურქული საინფორმაციო სააგენტო Dogan News იტყობინება, რომ გათავისუფლებულია ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე. თურქეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება კორუფციული სკანდალის ფონზე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში თურქეთის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური ანტიკორუფციული სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ათეულობით ადამიანი მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ პრემიერმინისტრ ერდოღანთან დაახლოებული ბიზნესმენები და მინისტრების შვილები. ანტიკორუფციულ ოპერაციას ერდოღანმა ბინძური შეთქმულება უწოდა და განაცხადა, რომ შიდა და გარე ძალები თურქეთის განვითარების მიმართულების შეცვლას ცდილობენ.

კორუფციული სკანდალის გამო, თურქეთის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა შეიცვალა. ანტიკორუფციული ოპერაციის შემდეგ ერდოღანის მთავრობამ სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან დაითხოვა, ორი დღის წინ თანამდებობის დატოვება 350 პოლიციელს მოუწია.

მიიჩნევენ, რომ კორუფციული სკანდალი და შემდეგ პოლიციელთა გათავისუფლება შედეგია იმ ფარული დაპირისპირებისა, რომელიც მიმდინარეობს მმართველ პარტიაში პრემიერმინისტრ ერდოღანის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. თურქეთში არსებობს მოსაზრება, რომ ერდოღანის მოწინააღმდეგეები გაერთიანებულნი არიან ამერიკაში მცხოვრები ისლამისტი მეცნიერის, ფეტულა გულენის იდეების გარშემო, რომელიც ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგეა.

გულენის მოძრაობა Hizmet-ის წევრებს თურქეთის სხვადასხვა უწყებასა და სფეროში, მათ შორის, მმართველ პარტიაში, გავლენიანი პოსტები უკავიათ.

კომენტარები