პატიმრის გარდაცვალება

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ხუთი ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლა

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ქსნის #19 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების შემთხვევის შესწავლა დაასრულა და ხუთი ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამასთან, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ დაწესებულების მთავარი ექიმი დაქვეითდა. კორძაიას თქმით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და დეპარტამენტის სამედიცინო რეგულირების სამმართველომ 2014 წლის 2 იანვარს, 12:30 საათზე სასჯელაღსრულების #19 ტუბერკულოზის სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრში მსჯავრდებულ დათო ბობოხიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება და შემთხვევის შესწავლა დაასრულა. შედეგად კი დაადგინა, რომ მსჯავრდებულ დათო ბობოხიას, რომელიც მუცლის არეში ძლიერ ტკივილებს უჩიოდა, არ გაეწია ადეკვატური სამედიცინო დახმარება და სამედიცინო პერსონალის მხრიდან დაშვებული შეცდომების გამო არ მოხდა მისი დროული გადაყვანა შესაბამისი პროფილის საავადმყოფოში, რასაც, კორძაიას თქმით, შედეგად მსჯავრდებულის გარდაცვალება მოჰყვა.

“მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და სამედიცინო დეპარტამენტის რეგულირების სამმართველომ მიიჩნიეს, რომ ექიმებმა დაუშვეს უხეში შეცდომა და ვერ უზრუნველყვეს ადგილზე პაციენტისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა. მიუხედავად სამედიცინო ჩარევებისა, ასევე ვერ უზრნველყვეს პაციენტის დროული გადაყვანა და მისი სპეციალიზებული დახმარების გაწევა”, - განაცხადა ირაკლი კორძაიამ და აღნიშნა, რომ სამსახურიდან დაითხოვეს #19 ტუბერკულოზის სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრის 5 ექიმი – თ.დ., დ.კ., ლ.ჯ., თ.დ. და ვ.ჯ. 

“თანამდებობას დატოვებს და დაქვეითდება ცენტრის მთავარი ექიმი ლ.ც., რომელმაც ვერ უზრუნველყო კოორდინაცია, საჭირო გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება პაციენტის ინტერესის შესაბამისად”, - თქვა ირაკლი კორძაიამ.

მისი ცნობით, შემდგომი რეაგირებისა და სისხლის სამართლის საქმეზე დართვის მიზნით, მასალები გენერალური ინსპექციის მიერ საგამოძიებო დეპარტამენტში გადაიგზავნა. აღნიშნულ ფაქტზე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება უკვე დაიწყო. 

პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტრომ 3 იანვარს გაავრცელა. უწყების ცნობით, მსჯავრდებული, რომელიც პენიტენციარული სისტემის ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში გარდაიცვალა, ტუბერკულოზით და აივ/შიდსით იყო დაავადებული. 

კომენტარები