პატრიარქის ეპისტოლე 2014

საპატრიარქო თავის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საპატრიარქოს რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე დღეს მომხდარ დაპირისპირებას ემიჯნება და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"დღეს, 16:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოსთან მოქალაქეთა მცირე ჯგუფმა მოაწყო აქცია სუროგატ დედებთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებთან ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. საპატრიარქო ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოსთან უკვე დასრულებულია იმ მოქალაქეთა აქცია, რომლებიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე საპატრიარქოს პოზიციას აპროტესტებდნენ. შენობასთან საპატრიარქოს მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. მათ შორის იყო პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლებული გიორგი გაბედავა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციებზე 5 პირი დააკავეს.

ევგენი და თორნიკე ქავთარაძეები, სანდრო ზაუტაშვილი და ვეფხია ღვალაძე საპატრიარქოს პოზიციის გამპროტესტებელი აქციის მონაწილეთა ფიზიკური შეურაცხყოფისთვისა და პლაკატების დახევისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა ასევე წაიყვანეს აქციის მონაწილე გიორგი ონაშვილი.

ამ დროისთვის საპატრიარქოს შენობასთან ისევ რჩებიან საპატრიარქოს მხარდამჭერი აქციის მონაწილეები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

კომენტარები