საჯაიას საქმე

ადვოკატთა ასოციაცია რომეო საჯაიას საქმის გამოძიებას ითხოვს

ზაზა ხატიაშვილი
ipn.ge

ადვოკატთა ასოციაცია პროკურატურისგან ადვოკატ რომეო საჯაიაზე განხორცილებული ძალადობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს - ამის შესახებ ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის განცხადებას ავრცელებს.

ხატიაშვილის თქმით, ადვოკატი რომეო საჯაია 2014 წლის 8 იანვარს დაიბარეს საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის თბილისის პროკურატურაში. კერძოდ, პროკურორმა იგი საქმის მასალების გადაცემის მიზნით დაიბარა. რომეო საჯაია ქ. თბილისის პროკურატურაში საქმის მასალების მისაღებად გამოცხადდა. 

"ამ დროს, პროკურატურის შენობის პირველ სართულზე მარცხენა მხარეს, დაცვის ოთახში შემოვიდა პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი, რომელმაც ადვოკატ რომეო საჯაიას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, შეაფურთხა ადვოკატს და ხელი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც ადვოკატი რომეო საჯაია იძულებული გახდა თავდამსხმელისაგან თავი დაეცვა. ადვოკატ რომეო საჯაიას დაზიანებები აღენიშნება. მივმართავ საქართველოს სამარცხვინო პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს რომეო საჯაიას მიმართ განხორცილებული ძალადობის ფაქტის ეფექტური გამოძიება"-  აღნიშნულია განცხადებაში.

ხატიაშვილი ითხოვს, მოხდეს თბილისის პროკურატურის პირველ სართულზე განლაგებული რამდენიმე ვიდეოთვალით გადაღებული მასალის ამოღება და პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი სასწრაფოდ დასვან საბრალდებო სკამზე. 

"საქართველოს სამარცხვინო პროკურორების გასაგონად, რომლებიც არ იცნობენ ადვოკატებთან მიმართებაში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, განვმარტავ, რომ ადვოკატის გაიგივება მისი დაცვისქვეშ მყოფ პირთან ან დაკითხვა საადვოკატო უფლებამოსილების განხორციელების დროს, წარმოადგენს საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლას. მთელი ცივილიზებული სამყარო ადვოკატებთან მიმართებაში ხელმძღვანელობს გაეროს ძირითადი პრინციპებით ადვოკატის როლის შესახებ (27 აგვისტო -7 სექტემბერი, 1990, ჰავანა), რომელიც შემდგომ მთლიანად ასახულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დადგენილებაში" - ნათქვამია განცხადებაში.

ხატიაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს პროკურორ ლევან ბაჩიაშვილის მიერ ადვოკატ რომეო საჯაიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო. 

"საქართველოს სამარცხვინო პროკურატურა, როგორც ამას აკეთებდნენ კანონიერი ქურდები, გადავიდა ადვოკატთა კორპუსის პროკურატურაში დაბარებებზე და საქმის გარჩევებზე, რაც შემაშფოთებელი ფაქტია"-  ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რომეო საჯაია ბაჩო ახალაიას ადვოკატია.

 

კომენტარები