ქურდული სამყარო

წიკლაური: ვახტანგ ხმალაძე ქურდული სამყაროს მიმართ ღია მხარდაჭერას გამოხატავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული მდივანი ნუგზარ წიკლაური პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი გადასახედია. წიკლაურმა სიცრუე უწოდა ხმალაძის ნათქვამს, რომ ამ კანონის მიხედვით, ქურდული სამყაროსადმი სიმპატიების გამო, ადამიანებს იჭერენ.

"ეს არის სიცრუე და არავინ არ გასამართლებულა ქურდული სამყაროსადმი გამოთქმული სიმპათიების გამო. ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ქურდული სამყაროს მიმართ ღია და აშკარა მხარდაჭერას გამოხატავს", - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

დეპუტატის თქმით, თუ კანონში ამ ტიპის ცვლილებები განხორციელდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი იდეოლოგიური მარცხი ქურდული სამყაროს წინაშე.

"განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ნათლად ჩანს, რომ ქვეყანაში კრიმინალი და ქურდული გარჩევების რაოდენობა იზრდება. ყველამ ვიცით, რომ დღეს ციხეს უკვე სრულად მართავს კრიმინალური სამყარო. მართავენ ე.წ. მეთვალყურეები და ზედამხედველები. სახელმწიფოს როლი არის მინიმიზებული და ახლა უკვე ეს სამყარო გამოდის ციხიდან და ის იწყებს მართვას ჩვენს ქუჩებში - ამაში ებმებიან ჩვენი თანამოქალაქეები და, რაც მთავარია, არასრულწლოვნები", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ქურდული სამყაროს წევრობასთან და კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი გადასახედია. დეპუტატმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე სისხლის სამართლის კოდექსის 223/1-ე მუხლის ხარვეზზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონში ჩადებული ნორმა ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს ვერ აკმაყოფილებს.

"კანონის ეს ნორმა არ მომწონს და თავის დროზე, როცა შემოიღეს, ძალიან კრიტიკულად ვუდგებოდი. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უნდა იყოს შეფასებითი, თუ რა არის ეს. კანონში ჩადებული ნორმა ვერ აკმაყოფილებს ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს და ჩემთვის ეს არის მნიშველოვანი და პრობლემური. ზუსტად უნდა განისაზღვროს, რა არის კანონიერი ქურდობა და ქურდული მენტალიტეტი და უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ მოქმედებასთან, რომლის გამოც შეიძლება პირი გასამართლდეს. უტრირებას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ იმის გამო, რომ ვთქვათ, მე მომწონს ქურდები და მომწონს ქურდული ურთიერთობები, ამის გამო არ შეიძლება ციხეში ჩამსვან", - განაცხადა ხმალაძემ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ზოგადად დღის წესრიგში დგას სისხლის სამართლის კოდექსის რევიზიის საკითხი.

"იქ არაერთი ნორმაა შესაცვლელი და კონცეპტუალურად გადასახედი. ეს იმდენად რთული საკითხია, რომ სწრაფად ვერ ხერხდება", - დასძინა ვახტანგ ხმალაძემ.

იურისტ ოთარ კახიძის თქმით, დეპუტატი დეზინფორმაციას ავრცელებს. კახიძე აღნიშნავს, რომ მენტალიტეტისა და მოწონების გამო არავის სვამენ ციხეში.

ცნობისთვის, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონის მე-3 მუხლში განმარტებულია ქურდული სამყაროს, ქურდული სამყაროს წევრის, ქურდული გარჩევის და კანონიერი ქურდის ცნებები.

1. ქურდული სამყარო – პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება.
2. ქურდული სამყაროს წევრი – ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.
3. ქურდული გარჩევა – ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება.
4. კანონიერი ქურდი – ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.

კომენტარები