ქურდული სამყარო

დარჩიაშვილი: მთავრობის ნაწილს კანონიერი ქურდების დამნაშავედ გამოყვანა არ სურს

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, ხელისუფლებაში მოსული ჯგუფის ნაწილს, მათ შორის, ვახტანგ ხმალაძესა და ეკა ბესელიას, კანონიერი ქურდების ცალსახად დამნაშავედ გამოყვანა არ სურთ.

"კანონი, რომელიც მიღებული იყო თავის დროზე, ძალიან ნათლად ამბობდა რაში იყო საქმე. ქურდული სამყარო განმარტებული იყო როგორც ორგანიზებული, დანაშაულებრივი სამყარო და მისი წევრობა ასევე განმარტებულია, რომ ნიშნავდა კრიმინალური მეთოდებითა და კრიმინალური პრინციპებითა და წესებით საქმეების გარჩევას, სადაც ფიგურირებს ზეწოლა, დაშინება, ძალადობა და ა.შ. ეს ყველაფერი იყო განმარტებული მშვენივრად კანონში. თუ სისხლის სამართლის კოდექსში ვინმეს ეჩვენება რაიმე ბუნდოვანება, არის სპეციალური კანონი, სადაც ნათლად არის აღნიშნული თუ რაზეა საუბარი. საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ნათელია. მე არ მგონია, რომ ამ აგორებული ტალღის უკან, წერტილ-მძიმეს და შემასმენელ-ქვემდებარეს გადანაცვლებაზე იყოს ლაპარაკი. პირდაპირ არის გაცხადებული, რომ კანონიერი ქურდების ცალსახად დამნაშავედ გამოყვანა არ სურს ხელისუფლებაში მოსული ჯგუფის ნაწილს და ამას მოყვა ეს ყველაფერი. ახლა როგორ გამოძვრნენ აქედან არ იციან. არ გამოვრიცხავ, რომ ხმალაძის აზრზე იყოს ბესელიაც, თუმცა ახლა ჩუმად არის. ამ ჯგუფში ვგულისხმობ წრეს, ვინც ხან დამნაშავეებს პოლიტპატიმრებს უწოდებს, ხან პირდაპირ გადადის დამნაშავეთა სამყაროს ხელმძღვანელობის მდგომარეობის შემსუბუქების მოთხოვნებზე და მოქმედებებზე", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებიდან ჩანს, რომ ის ემიჯნება ამ მიდგომებს, დანარჩენს კი მომავალი აჩვენებს.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სოზარ სუბარის განცხადებებს, როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, წინა ხელისუფლება იყო ერთადერთი, რომელმაც ომი გამოუცხადა დანაშაულებრივ სამყაროს და ამას ვერაფერი გადაწონის.

"ქვეყანამ და საზოგადოებამ იცის, რომ წინა ხელისუფლება იყო ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებელ საქართველოში, რომელმაც ომი გამოუცხადა ორგანიზებულ დამნაშავეობას და კერძოდ, კანონიერი ქურდების ინსტიტუტს. როგორ წინააღმდეგობას უწევდა ამას ოპოზიციის ნაწილი საკანონმდებლო დონეზე თუ ციხეში რეფორმების დონეზე, რა ტიპის სისხლიანი დაპირისპირებები ხდებოდა ამ ფონზე, ქურდების მიერ ორგანიზებული ციხეში ბუნტები, ყველას ახსოვს. ახლა ვხედავთ როგორი ლობირება მიდის, რომ აღდგეს ის ვითარება, რომლითაც კანონიერი ქურდი დაუსჯელი იქნებოდა. ამას მოწმობს ის, რაც გააჟღერა ბატონმა ხმალაძემ, შეიძლება ეს დაუფიქრებლად იყო და შემდეგ გუნდიდანვე მიიღო მითითებები. ეს ყველაფერი ცნობილია და ამის გადაწონვა რაღაცა შეთხზული, ამოგლეჯილად მოყვანილი ინფორმაციებით, ვერანაირად ვერ გადაწონის არსებულ ვითარებას, რომელიც დავახასიათე", - თქვა დარჩიაშვილმა.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, შესაძლოა, არ აწყობდეს კონტროლის გადანაწილება კანონიერ ქურდებზე.

"არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერმინისტრს და მის უკან მდგომ ყოფილ და ამჟამინდელი პოლიციის მაღალჩინოსნებს არ უნდოდეთ ის, რაც თუნდაც უკვე მიღწეულია ყოფილი ხელისუფლების მიერ და არ უნდათ მოწილე ამ ვითარების კონტროლში - კანონიერი ქურდების სახით. მაგრამ, ამავე ხელისუფლების რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ღიად ლობირებდნენ ამ ყველაფერს, ვისთვისაც კანონიერ ქურდებთან ბრძოლა მიუღებელი იყო. ყველაზე ღიად ამას ნანა კაკაბაძე ასხივებს, რომ როგორც სურს მას ძველი ვითარების დასრულება. ერთი შეხედვით, ვითომ ნანა კაკაბაძე არ არის ხელისუფლებასთან, მაგრამ ცალსახად ნათელია, რომ ბოლო პერიოდამდე აკონტროლებდა ე.წ. პოლიტპატიმართა "შტურმავიკულ" ჯგუფებს. როგორც ჩანს, იგი იყო კავშირში ნუგზარ ფოფხაძესთან და ამავე კავშირების ფარგლებში მოიაზრებოდა თამაზ თამაზაშვილიც. ერთმანეთში როგორ გადაინაწილებენ როლებს და დამოკიდებულებებს, ეს შეიძლება იყოს ცვალებადი, რადგან ვითარება აქვთ არასახარბიელო და ქვეყანა ენგრევათ თავზე. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები გაუჩნდებათ ხოლმე", - აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ. მასში აღნიშნულია, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, კანონიერ ქურდებს "გარჩევების" ორგანიზებაში სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელობა ეხმარებოდა.

კომენტარები