ნავთობი

როიტერი: რუსეთი ირანთან საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებს

mises.ca

ირანი და რუსეთი ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებენ. საინფორმაციო სააგენტო როიტერის მიხედვით, რუსეთი დღეში 500 ათას ბარელ ირანულ ნავთობს შეისყიდის, რაც ირანს თვეში 1.5 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს. პარალელურად კი, ჟენევაში ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელიც ნოემბერში მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებს ეხება.

ნოემბერში ირანული მხარე ეკონომიკური სანქციების ნაწილის შემსუბუქების სანაცვლოდ, ბირთვული პროგრამის შეზღუდვას დათანხმდა. დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ატომური იარაღის შექმნას ისახავს მიზნად, ირანზე ეკონომიკური სანქციები აქვთ დაწესებული. ეს კი, ქვეყნის ნავთობის ექსპორტს ძლიერ აზარალებს. იმ შემთხვევაში თუ ირანი და რუსეთი ნავთობის შესყიდვაზე ახალ შეთანხმებას მიაღწევენ, თეირანი მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოგებას ნახავს, რამაც შესაძლოა ჟენევაში მიღწეული შეთანხმების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. როიტერი ირანისა და რუსეთის მოლაპარაკებაში ჩართულ წყაროებს ეყრდნობა, რომელთა ვინაობაც გასაიდუმლოებულია, მათი თქმით, მოლაპარაკება დეტალების განხილვის პროცესშია და დიდი შანსია, რომ შეთანხმება წარმატებულად შედგება.

აღსანიშნავია, რომ ექვსეულში, რომელიც ირანთან ჟენევაში მოლაპარაკებას აწარმოებს, რუსეთიც შედის და ირანზე სანქციები დაწესებული არ აქვს. ამჟამად, ირანის ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველი ჩინეთია.

კომენტარები