კოორდინაციის ნაკლებობა მთავრობაში

ღარიბაშვილმა მინისტრებს შენიშვნა საკუთარ ხელმოწერილ კანონპროექტზე მისცა

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/GaribashviliOfficial

კანონპროექტი, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრებს შენიშვნა მისცა, პარლამენტში ღარიბაშვილის ხელმოწერით არის წარდგენილი. 

"საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის პროექტს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დანიშნულნი არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი" - ნათქვამია მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. 

მთავრობა ამ კანონპროექტით, პარლამენტს საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული მუხლის შეცვლას სთხოვს. კანონპროექტის მიხედვით, საგადასახდო ორგანოს უფლება ეძლევა, გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ან გადასახადის გადამხდელის თანხმობის გარეშე გადასცეს მთავრობას, ყველა სამინისტროს, სამართალდამცავ ორგანოს, სახალხო დამცველს და სხვა, კანონით დადგენილ სუბიექტებს, რაც, პროექტის მიხედვით, "კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის" შეიძლება მოხდეს. საკითხის განხილვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის იგეგმება.

ცნობისთვის, ღარიბაშვილმა დღევანდელ სხდომაზე, მთავრობის წევრებს კანონპროექტების წარდგენამდე, უწყებებს შორის მეტი კოორდინაციისა და საკითხების შეთანხმებისკენ მოუწოდა. მან ფინანსთა მინისტრს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე ჰკითხა.

ნოდარ ხადურის განმარტებით, ამჟამად არსებული კანონმდებლობით, საგადასახადო საიდუმლოებაზე ზოგ უწყებას მიუწვდება ხელი, ზოგს - არა.

"მაგალითად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აინტერესებს ინფორმაცია კონკრეტული იძულებით გადაადგილებული პირის შემოსავლების შესახებ, რომ ამის მიხედვით მათ გაატარონ ღონისძიებები. პირობითად, პირველ რიგში მისცენ თუ არა საცხოვრებელი ფართები. სამთავრობო დაწესებულების ნაწილს აქვს წვდომა, ნაწილს - არა", - აღნიშნა ხადურმა.

პრემიერმინისტრის თქმით, უწყებას, რომელსაც სჭირდება ინფორმაცია, ფინანსთა სამინისტრომ თავად უნდა მიაწოდოს.

"ვისაც სჭირდება, მიაწოდეთ ინფორმაცია და თუ არ სჭირდებათ, რატომ უნდა გასცეთ? ერთმანეთს შეუთანხმდით ხოლმე და მერე გააკეთეთ კანონპროექტის ინიცირება, ვისაც არ ეზარება, კანონპროექტის ცვლილებას აკეთებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანუნა ბუკია

კომენტარები