ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

მარჩანომ, შესაძლოა, სამინისტროს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართოს

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარმა დირიჟორმა ჯანლუკა მარჩანომ, შესაძლოა, კულტურის სამინისტროს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართოს. აღნიშნულის შესახებ მარჩანომ ოპერის თეატრის შემოქმედებითი დასისა და სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ჟორდანიასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„დღევანდელმა შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო. მე გავაკეთე რამდენიმე განცხადება, თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე წარმოვადგინე ჩემი პირობები. ველოდები მათ გადაწყვეტილებას. უკვე მივმართე კულტურის სამინისტროს და თუ ჩემს მიერ შეთავაზებული პირობები არ დაკმაყოფილდება, დავადასტურებ ჩემს გადადგომას. ახლა ველოდები მათ გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებენ თუ არა ისინი ჩემს პირობებს. ეს პირობები შემდგომ მოლაპარაკებას არ ექვემდებარება, ვინაიდან, ასახავს თეატრის ინტერესებს. თუ ეს პიროებები არ დაკმაყოფილდა, მე გადავდგები. სანამ კულტურის სამინისტროსგან პასუხი არ მექნება, მე შევაჩერებ საქმიანობას დაგეგმილ პრემიერამდე", - თქვა მარჩანომ.

მარჩანოს თქმით, ის ელოდება სამინისტროს წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრას და ახსნას, დაკამყოფილდება თუ არა მისი მოთხოვნა. მას ასევე სურს შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და ქართუ ჯგუფმა ოპერის თეატრის განვითარებაში დიდი ინვესტიცია ჩადეს.

დღეს, მთავრობის კანცელარიაში განთავსებულ ოპერის სარეპეტიციო დარბაზში გამართული მოლაპარაკება გიორგი ჟორდანიასა და ოპერის შემოქმედებით დასს შორის უშედეგოდ დასრულდა.

ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი დასი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. როგორც ოპერის სოლისტები აცხადებენ, გიორგი ჟორდანიამ სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ "თეატრი უფსკრულისკენ წავიდა".

კომენტარები