ოქროს გლობუსი 2014

მონობის 12 წელი და ამერიკული აფერა ოქროს გლობუსის მფლობელები გახდნენ

huffpost.com

სტივ მაქუინის ”მონობის 12 წელი” და დევიდ ო. რასელის ”ამერიკული აფერა” ოქროს გლობუსის 71-ე დაჯილდოების ტრიუმფატორები გახდნენ.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ”მონობის 12 წელი” 2013 წლის საუკეთესო დრამად აირჩია, ხოლო ”ამერიკული აფერას” შემქმნელებს რჩეული მიუზიკლი/კომედიისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცა. სწორედ ეს ორი ნამუშევარი იქნება ოსკარი 2014-ის მთავარი ფავორიტი.

მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის განკუთვნილი ჯილდოები მეთიუ მაკკონაჰიმ (”დალასის მყიდველთა კლუბი”) და ლეონარდო დი კაპრიომ (”უოლ სტრიტის მგელი”) მოიპოვეს. ქეით ბლანშეტმა (”ლურჯი ჟასმინი”) და ემი ადამსმა (”ამერიკული აფერა”) კი - ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. 

2013 წლის საუკეთესო რეჟისორი ”გრავიტაციის” შემქმნელი ალფონსო კუარონი გახდა. ოქროს გლობუსი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის სპაიკ ჯონზს (”ის”) გადასცეს.

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდოები ჯენიფერ ლოურენსმა (”ამერიკული აფერა”) და ჯარედ ლეტომ (”დალასის მყიდველთა კლუბი”) მოიპოვეს.

კეშიშის, ვინტერბერგის, მიაძაკისა და ფარჰადის ფილმებს აჯობა სორენტინოს ”დიადმა სილამაზემ” და წლის საუკეთესო უცხოენოვანი ნამუშევარი გახდა.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის რჩეული დრამა სერიალი, AMC-ის უკვე ლეგენდარული Breaking Bad გახდა, ხოლო კომედია - Fox-ის ახალი სიტკომი ”ბრუკლინის 99”. საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის განკუთვნილი ჯილდოებიც სწორედ ამ ორ სერიალში მთავარი როლების შემსრულებლებმა ბრაიან კრენსტოუნმა და ენდი სემბერგმა მოიპოვეს.

კრიტიკოსების შეფასებით წლევანდელმა ოქროს გლობუსმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. თითქმის ყველა ნომინაციაში გამარჯვებული, უმთავრესი ფავორიტი გახდა. ყველაზე მეტი, სამი ჯილდოს მოპოვება, ”ამერიკულმა აფერამ” შეძლო.

 

კომენტარები