დავით უსუფაშვილი ესტონეთში

დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ესტონეთს ეწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ესტონეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ენე ერგმასთან, პრემიერმინისტრ ანდრუს ანსპირთან და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტთან. მხარეები განიხილავენ საქართველო-ესტონეთის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.

ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი სიტყვით გამოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურ ცენტრში. შეხვედრას ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დეპუტატები და სტუდენტები დაესწრებიან.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესტონეთში პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე, ლევან ბეჟაშვილი და გურამ მისაბიშვილი გაემგზავრნენ.

"მოგეხსენებათ, რომ ესტონეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტიორი ლატვიასთან და ლიტვასთან ერთად. ისინი, ამ განსაკუთრებით ინტეგრაციულ გზაზე, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და NATO-სთან ჩვენს დაახლოებას ჰქვია, მაქსიმალურად ხელს გვიწყობენ. ბუნებრივია, რომ ასეთი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ეს ვიზიტი ამ ამპლუაში არის პირველი", - ამბობს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.

უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით კი, საპარლამენტო უმცირესობისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია, რომ უცხოელმა კოლეგებმა იცოდნენ თუ როგორ ვითარებაში უწევს ოპოზიციას მუშაობა.

"შევეცდებით, ჩვენს ესტონელ მეგობრებს მივაწოდოთ ობიექტური და სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათ შორის, გავაცნოთ ოპოზიციის ხედვა შიდაპოლიტიკურ პროცესებთან და საგარეო-პოლიტიკურ ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით", - აღნიშნავს დეპუტატი და დასძენს, რომ უცხოელ კოლეგებს ინფორმაციას პოლიტიკურ ზეწოლაზეც მიაწვდიან.

პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში 15 იანვარს დასრულდება.

კომენტარები