ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმება ძალაში 20 იანვრიდან შევა

thehackernews.com

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმება ძალაში 20 იანვრიდან შევა. შეთანხმებას ხელი ნოემბერში მოეწერა. მისი მიხედვით, ირანმა ურანის გამდიდრება 5%-მდე უნდა შეამციროს, 20%-მდე გამდიდრებული ურანის მარაგი კი, უნდა გაანადგუროს. შეთანხმება ასევე ახალი ცენტრიფუგების აშენების აკრძალვას ითვალისწინებს, რომლებიც ურანის გამდიდრებისთვის გამოიყენება.

ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ, დასავლეთმა ირანს დაწესებული ეკონომიკური სანქციები უნდა შეუმსუბუქოს. BBC-ის ინფორმაციით, ირანი გაყინული აქტივების პირველ ნაწილს თებერვლის დასაწყისში მიიღებს. გაყინული აქტივების საერთო ღირებულება 4.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ირანთან მოლაპარაკებას ჟენევაში გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია აწარმოებდნენ. როგორც ცნობილია, დასავლეთი ირანის ბირთვული ამბიციებით შეშფოთებულია და ეჭვობს, რომ თეირანი პროგრამას ბირთვული იარაღის შექმნის მიზნით ახორციელებს, თუმცა ირანი აცხადებს, რომ პროგრამა სამხედრო მიზნებს არ ითვალისწინებს.

კომენტარები