პროტესტი უკრაინაში

მაიდანზე აშშ-ს უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების შემოღება სთხოვეს

A protest rally in the Maidan in Kiev
GENYA SAVILOV / AFP

კიევის მაიდანზე, სახალხო კრების მონაწილეებმა გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების მიღებისკენ მოუწოდეს. მოედანზე 50 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მოქალაქეებმა პროტესტი გამოთქვეს შაბათს სპეცრაზმელების მიერ ოპოზიციის წარმომადგენელთა ცემის გამო. სულ 20-მდე აქტივისტია დაშავებული. მათ შორის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იური ლუცენკო, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ოპოზიციის ლიდერებმა ხალხს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს.

"თუ მათ არ ესმით ჩვენი, ჩვენ ვაიძულებთ მათ უკრაინის პატრიოტების ხმა გაიგონონ", - თქვა პარტია სვობოდას ლიდერმა ოლეგ ტიაჰნიბოკმა.

ოპოზიციის ლიდერებმა აქციაზე განაცხადეს, რომ მთავრობას 10-დღიან ვადას აძლევენ, რათა შეასრულოს მიღებული კანონი ოპოზიციის დაკავებულ აქტივისტთა ამნისტიის შესახებ. ოპოზიცია ასევე მოითხოვს, სამართალდამცავთა უკანონო ქმედებების გამოძიების მიზნით შეიქმნას საპარლამენტო კომისია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა. 10 იანვრის ღამეს აქციის მონაწილეებსა და ბერკუტს შორის, მორიგი შეტაკება მოხდა. დაპირისპირების დროს სულ ცოტა 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, უკრაინის ყოფილი შს მინისტრი იური ლუცენკო, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კიევის სასამართლოსთან, აქციის მონაწილეები ეგრეთ წოდებულ ვასილკოვსკოს საქმეზე გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ. კიევის რაიონულმა სასამართლომ ამ საქმეზე დაკავებულ სამ დამნაშავეს - საქალაქო საბჭოს ორ დეპუტატს იგორ მოსიჩუკსა და სერგეი ბევზუს, ასევე დეპუტატის თანაშემწეს ვლადიმერ შპარეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები