მთავრობის კანცელარია

საქართველოს მთავრობის კანცელარია მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნება

radiotavisupleba.ge

საქართველოს მთავრობის კანცელარია მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, იგეგმება სტრატეგიული მიმართულების სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდზე წერია, რეფორმირება გამოწვეულია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლითაც პრემიერმინისტრის უფლება-მოვალეობები გაიზარდა.

"ადმინისტრაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან. ჩამოყალიბდება და კიდევ უფრო გაძლიერდება პრემიერმინისტრთან არსებული საბჭოები. ადმინისტრაცია ორიენტირებული იქნება სამთავრობო სტრუქტურებს შორის კოორდინაციასა და ეფექტურ მონიტორინგზე. ასეთ სტრუქტრულ რეორგანიზაციას თან ახლავს მეტი ეფექტურობის მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, კანცელარიის რეორგანიზაცია მართვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების დანერგვაზე იქნება ორიენტირებული. საქართველოს პრემიერმინისტრის პრიორიტეტად რჩება ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის დამკვიდრება. აღნიშნული ცვლილებები პასუხობს საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარ ამოცანებს, რომელთა განხორციელებასაც პრემიერმინისტრი ადმინისტრაციასთან და მთავრობასთან ერთად გეგმავს", - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ უახლოეს მომავალში კანცელარია ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას გამართავს.

კომენტარები