დავით უსუფაშვილი ესტონეთში

დავით უსუფაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი ესტონელ კოლეგას ენე ერგმას ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო - რიიგიკოგუში შეხვდა. ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ესტონეთს შორის ურთიერთობები, ევროინტეგრაციის და 2014 წლის NATO-ს სამიტის საკითხები განიხილეს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ენე ერგმამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნები ამ ქვეყნის დიდი წარმატებაა.

დავით უსუფაშვილმა ესტონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის. მისი განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ესტონეთის გამოცდილება ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ქვეყნის პრაქტიკული შედეგები არის დემონსტრირება იმისა თუ რა მოლოდინები აქვს საქართველოს ამ მიმართულებებით.

"მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კონტაქტები პერსონალურ დონეზე, ქალბატონი სპიკერი საქართველოში ორი წლის წინ ბრძანდებოდა და ჩვენ დღევანდელ შეხვედრის დროს ერთგვარად ეს ორი წელი შევაჯამეთ. გამოითქვა კმაყოფილება, რომ ხელისუფლების ცვლილებამ მხოლოდ პოზიტიური გავლენა იქონია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ესტონელი მეგობრები დარწმუნდნენ, რომ საქართველოს შესწევს უნარი დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება და ეს არის ევროპული სტანდარტების მნიშვნელოვანი დემონსტრირება.

„უახლოეს თვეებში ჩვენ ხელი უნდა მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას და არავის არ უნდა მივცეთ საშუალება ეს პროცესი შეაფერხოს. ასევე NATO-ს სამიტზე გვინდა მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიოთ და ამით გავამტკიცოთ ქვეყნის უსაფრთხოება. სწორედ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებით  განიმტკიცეს ბალტიის ქვეყნებმა უსაფრთხოება და მიაღწიეს ეკონომიკურ კეთილდღეობას. ჩვენ ბევრი გვაქვს სასწავლი და ჩვენი კოლეგები მზად არიან გაგვიზიარონ ეს გამოცდილება“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რიიგიკოგუს სასახლეში სტუმრობისას, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.

პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრას პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე, ლევან ბეჟაშვილი და გურამ მისაბიშვილი. ესტონეთის მხრიდან კი - ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხკელსონი და რიიგიკოგუს გენერალური მდივანი მარია ალაჯოე დაესწრნენ.

კომენტარები