ვანო მერაბიშვილის საქმე

კობახიძე: საყვარელიძის და მერაბიშვილის განცხადებების არ მჯერა

primetimenews.ge

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, მას არ სჯერა საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის, რომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ამსახველი ვიდეომასალა განადგურებულია. კობახიძის თქმით, მას არც თავად ვანო მერაბიშვილის ბრალდების სჯერა.

"მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ მოკვლევა ბოლომდე არ მივიდეს და არ გაკეთდეს ოფიციალური დასკვნა თუ რასთან გვქონდა საქმე. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და ბატონმა სოზარმა თავადაც განაცხადა, მტკიცებულებების მოკვლევა გრძელდება, საკმაოდ ბევრი ადამიანია გამოსაკითხი. შესაბამისად, დასრულდება ეს პროცესი და ოფიციალური განცხადება გაკეთდება" -  აღნიშნა პარლამენტის ვიცესპიკერმა. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის მტკიცებით, "ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები განადგურებულია". ამის შესახებ საყვარელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"კადრები, რომლებიც გამოძიების მსვლელობის დროს გახდებოდა აუცილებელი დოკუმენტი იმისა, რომ დამტკიცებულიყო ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანის და მასზე ზეწოლის ფაქტი, არის განადგურებული და ამ განადგურებაში მონაწილეობდა სასჯელაღსრულების ამჟამინდელი მინისტრი სოზარ სუბარი", - განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, ინფორმაციის წყაროს ვერ დაასახელებს.

"ეს ინფორმაცია უკვე გვქონდა იმ დღეებში, როცა წყდებოდა ე.წ. მოკვლევის დაწყება-არ დაწყების საქმე. ეს კადრები გახლავთ უკვე განადგურებული. ფაქტია, რომ დანაშაული ჩადენილია და მის დასაფარად ჩართულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის, სასჯელაღსრულების მინისტრი", - აცხადებს საყვარელიძე.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, კადრების გადაცემას, ასევე, გამოძიების პროცესში, სასჯელაღსრულების მინისტრისთვის და მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან 10-17 დეკემბრის ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა გამოითხოვა. 19 დეკემბერს კი, სოზარ სუბარმა თქვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კადრები როგორც წესი, ავტომატურ რეჟიმში 10 დღეში იშლება და ეს საკითხი არა მას, არამედ სამინისტროში არსებულ IT დეპარტამენტს ეხება. თუ დეპარტამენტი აღნიშნული წესით ხელმძღვანელობს, ვანო მერაბიშვილის მოთხოვნილი ჩანაწერები უკვე წაშლილი უნდა იყოს.

ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ვანო მერაბიშვილის მიმართ სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. სოზარ სუბარმა 10 იანვარს განაცხადა, რომ მოკვლევის ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით 30-მდე ვიდეოკამერის მონაცემია ამოღებული. როგორც სუბარმა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, მისი უწყების მხრიდან დაწყებული მოკვლევა გრძელდება და შედეგები პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.

კომენტარები