ევროსაბჭოს თანამომხსენებლების ვიზიტი

იენსენი: რთული აღმოჩნდა ინფორმაციის მიღება, რა მოხდა მერაბიშვილზე სინამდვილეში

radiotavisupleba.ge

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა თბილისში ვიტიზი დაასრულეს. ბორის სილევიჩმა და მაიკლ იანსენმა თბილისში გამართული შეხვედრები პრესკონფერენციაზე შეაჯამეს. მათ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასეს. მაიკლ იანსენის თქმით, ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე და ვიდეოჩანაწერის წაშლასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიღება რთული აღმოჩნდა.

”ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრემიერის განცხადებას. როგორც ის ამბობს, ის ღამით გაიტაცეს უცნობ ადგილას და დაკითხეს. ჩვენ ვეცადეთ, მიგვეღო ინფორმაცია, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ ეს ძალიან რთული აღმოჩნდა და დღემდე არ გვაქვს მკაფიო წარმოდგენა, რა მოხდა. საკითხი ასევე ეხებოდა ვიდეოთვალის ჩანაწერებს, იქნებოდა ეს საკნის, დერეფნების, გარეთ თუ სხვა ვიდეოთვალის ჩანაწერები. იყო დაბნეულობა მათ წაშლასთან დაკავშირებით. მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ზუსტი წესები, რამდენ ხანში უნდა წაიშალოს ჩანაწერი. თუ სიმართლეს შეესაბამება ის, რომ ვიდეოთვალის ჩანაწერები მხოლოდ 24 საათი ინახება, 24 საათი ძალიან ცოტაა ასეთი მასალის შესანახად. მოულოდნელი იყო ჩემთვის ის, რომ რთული აღმოჩნდა რაიმე ინფორმაციის მიღება ამ ვიდეოჩანაწერის შესახებ - რამდენი ხანი ინახებოდა ან არ ინახებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდი დრო დასჭირდათ იმის ასახსნელად, ჰქონდათ თუ არა საერთოდ ეს ვიდეომასალა. ეს უცნაური აღმოჩნდა ჩემთვის.” - თქვა მაიკლ იანსენმა.

იანსენმა ასევე მერის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლოს პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის უფლებამოსილება ასე მარტივად არ უნდა შეეჩერებინა.

”პრობლემურია ის საკითხი, რომ პირდაპირი წესით არჩეული მერის უფლებამოსილების შეჩერება საქართველოში ასე მარტივად ხდება სასამართლოს მიერ. განსაკუთრებით, როცა რამდენიმე თვეში ადგილობრივი არჩევნებია. სამართლებრივი დევნისგან არავინაა თავისუფალი, მაგრამ სასამართლომ თავშეკავება უნდა აჩვენოს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პირდაპირი წესით არჩეულ თანამდებობის პირზე.” - აღნიშნა იანსენმა.

ბორის სილევიჩმა კი ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ადგილობრივ არჩევნებზე ისაუბრა. მისი თქმით, "არჩევნებამდე ნახევარ წელზე ნაკლები რჩება და თამაშის წესები მაინც გაურკვეველია."

სილევიჩმა დეპორტირებულ მესხთა რეპატრიაციის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, "კანონი მიღებულია, თუმცა, მისი აღსრულება ნელა და არაეფექტურად მიმდინარეობს."

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებითაც გააკეთეს კომენტარი. მათი თქმით, ეს შიდა საქმეა, თუმცა, აღნიშნეს, რომ ის სამართლებრივი დებულებები და ნორმები, რომლებიც კანონშია ჯეროვნად არ სრულდება.

პრესკონფერენციის დასასრულს, ბორის სილევიჩმა და მაიკლ იენსენმა რუსეთის მიერ მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ ამ მხრივ პროგრესი არ შეინიშნება. "ჩვენ კვლავაც მკაცრად ვითხოვთ და მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაიცვას ვალდებულებები, რომლებიც მან აიღო."

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები დეტალურ ანგარიშს ასამბლეას აპრილში წარუდგენენ.

კომენტარები