საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი სოჭის ოლიმპიადაზე: ზოგადად უნდა გავმიჯნოთ სპორტი პოლიტიკისგან

0 კომენტარი

საქართველოს პრემიერმინისტრს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის რუსეთის ხელისუფლებასთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს და აქვს თუ არა ინფორმაცია ტერორიზმის საფრთხის შესახებ ამავე ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს.

"ზოგადად, უსაფრთხოების საკითხები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, საქართველო, არათუ ვაპირებთ, არამედ ვართ ვალდებულნი, რომ ვითანამშრომლოთ ყველასთან და მათ შორის ისეთ მძიმე და კრიტიკულ საკითხებში, როგორიცაა ტერორიზმი. ტერორიზმი ეს არის XXI საუკუნის კაცობრიობის სენი და ამის წინააღმდეგ ყველა უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული. რუსეთთან თანამშრომლობს ამ საკითხებში ამერიკა, ევროპის ქვეყნები, და თუ ჩვენ შეგვეძლება რამე მნიშვნელოვანი, რაღაც პატარა როლის შესრულება ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, - რატომაც არა, ჩვენ ამისათვის მზადყოფნას ვაცხადებთ. იგივე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენ აბსოლუტურად, ძალიან ყურადღებით ვიყავით, მაშინ როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩვენ მაქსიმალურად გავამკაცრეთ უსაფრთხოების ზომები მთელს ტერიტორიაზე საქართველოში. რათა არ დაგვეშვა რაიმე უსაფრთხოების ზომების დარღვევა. და რისკები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ჩვენი მხრიდან. ეს გრძელდება, ეს მკაცრი ზომები მოქმედებს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ დასრულდება სოჭის ოლიმპიადა და შემდეგაც ჩვენ მაქსიმალურად მოწოდებულნი ვართ დავიცვათ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვართ მზად, რომ შევასრულოთ ეს მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი როლი ISAF-ის მისიაში", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

AP-ის კითხვაზე, რას დაუპირისპირებს პრემიერი ღარიბაშვილი სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას რუსეთის მიერ აფხაზეთის პოპულარიზაციის მცდელობას და დაუჭერს თუ არა ის მხარს რაიმე სიმბოლურ აქციებს, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ წინასწარ ამის თქმა რთულია, რადგან არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.

"ზოგადად უნდა გავმიჯნოთ სპორტი პოლიტიკისგან, ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და სოჭის ოლიმპიადაზე მიიღებენ მონაწილეობას სპორტსმენები მხოლოდ. იქ არ ჩადის მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი, მხოლოდ ჩავა ოლიმპიური კომიტეტი, ბუნებრივია, ლოგიკურია, უნდა ჩავიდეს. და სპორტსმენები. იქ თუ რაიმე პოლიტიკურ აქციას ექნება ადგილი, ეს, ბუნებრივია, თუ იქნება მიუღებელი, ადეკვატური რეაქცია იქნება ჩვენი მხრიდანაც გაკეთებული ადგილზე. მაგრამ წინასწარ არ ვიცი ახლა, რა აქციები უნდა დავგეგმოთ. თუ არაფერი არ ხდება, რატომ უნდა დავგეგმოთ აქციები", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

პრემიერის განცხადებით, ის ჩამოყალიბდება და შესაბამის ზომებს მიიღებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები