თეატრი

თეატრალური ოჯახის დაჩაგრული წევრი

თამარ კიკნაველიძე
0 კომენტარი

„რაც არ უნდა სოციალურად მძიმე პირობებში იმყოფებოდეს ოჯახი, ბავშვი ყოველთვის პრიორიტეტულია. ყველაფერი საუკეთესო, ფეხსაცმელი იქნება ეს, ტანსაცმელი თუ საკვები, მას ეკუთვნის. მაგრამ მოხდა ისე, რომ დიდ თეატრალურ ოჯახში ყველაზე დაჩაგრული სწორედ თოჯინების თეატრი აღმოჩნდა", – ამბობს რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი, რომელიც თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ცოტა ხნის წინ დაინიშნა.

დღეს ბევრმა არ იცის, რომ თეატრი შენობის გარეშეა დარჩენილი. მართალია, ის ფუნქციონირებას განაგრძობს, მაგრამ ისეთ პირობებში, რომელიც შემოქმედებითი ჯგუფისთვის არასახარბიელოა.

„თოჯინების თეატრთან ვთანამშრომლობდი და მისი პრობლემების შესახებ მეტ-ნაკლებად ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი ის, რაც მოწვეული რეჟისორის კომპეტენციაში არ შედიოდა. საკმაოდ დაბალბიუჯეტიანი თეატრია. ექვემდებარება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელებიც თანადგომასა და მხარდაჭერას გვპირდებიან. თუმცა, დღეისთვის თეატრი შენობის გარეშეა დარჩენილი და წარმოდგენების გამართვაში არენდის ფულს ვიხდით. თეატრის წლიური ბიუჯეტი იყო 150 ათასი ლარი, რომელიც 356 ათას ლარამდე მხოლოდ მაშინ გაიზარდა, როდესაც, გარკვეული პოლიტიკური სიტუაციის გამო, თეატრმა ბიძინა ივანიშვილის დახმარებაზე უარი განაცხადა. გამოყოფილი თანხა ძირითადად ხელფასებზე მიდის და აღარ გვყოფნის ისეთი კადრებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მხატვარ-დიზაინერი, მარკეტოლოგი", – აღნიშნავს სამხატვრო ხელმძღვანელი.

თოჯინების თეატრში 66 თანამშრომელი მუშაობს, აქედან 19 მსახიობია, დანარჩენი – ადმინისტრაციული, ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენელი. მსახიობის საშუალო ხელფასი, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის დროს, საშუალოდ, 230 ლარი იყო, დღეს, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ, 400 ლარია. „ყველანაირად ვეცდებით, რომ ხელფასი კიდევ უფრო გაეზარდოთ. მართლაც მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. გაცილებით დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვთ. ამასთან, თოჯინების თეატრში კიდევ უფრო მეტი ექსპერიმენტებია საჭირო, რაც დამატებით დროსა და მუშაობას მოითხოვს.

მიტომაც, გვინდა შრომა მინიმალურად მაინც ავუნაზღაუროთ. გარდა ამისა, ჩვენი თეატრის მსახიობები სააბონემენტო სისტემაზე მუშაობენ – დღეში 3 სპექტაკლში მონაწილეობენ, შემდეგ რეპეტიციებს გადიან და ძალიან დატვირთულები არიან", – გვითხრა ელენე მაცხონაშვილმა. მასთან გასაუბრებით დავაზუსტეთ, რომ ამჟამად თეატრის ადმინისტრაცია განთავსებულია საპროექტოს შენობის მეხუთე სართულზე, ხოლო სპექტაკლებს მართავენ მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ მუზაში, რომელსაც თეატრი იჯარას უხდის.

„სახელმწიფოსგან მიღებული ბიუჯეტი, როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადად მიდის ხელფასებში, იჯარას ვიხდით შემოსავლებიდან. ამას ემატება კომუნალური გადასახადები და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ გვრჩება სადადგმო ხარჯი. გვაქვს ახალი იდეები, განსაკუთრებულის შექმნის სურვილი და გეგმა, მაგრამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად საჭირო თანხები თეატრს არ აქვს, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც შენობის გარეშეა დარჩენილი.

აქამდე რეპერტუარში ძირითადად ძველი სპექტაკლები ჰქონდათ, მიდიოდა მათი აღდგენა-გათამაშება, მაგრამ სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, მაყურებლისთვის კვლავაც ძველი სპექტაკლების შეთავაზების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. არ ვლაპარაკობ მათ ხარისხზე, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ასე წინ ვერ ვივლით! 2013-14 წლების სეზონი გავხსენით ასტრიდ ლინდგრენის „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონით", ახლა კი საახალწლო სპექტაკლზე ვმუშაობთ. ვცდილობთ, საკუთარი შემოსავლებიდან მოვიძიოთ თანხა, რომელიც ახალ დადგმებზე მუშაობის საშუალებას მოგვცემს. ამაში, ვიმედოვნებთ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც დაგვეხმარება. თვითონ თოჯინის დამზადება იმდენად ძვირადღირებულია, რომ მაყურებლისთვის სანახაობრივი დადგმის შეთავაზებას განსაკუთრებული ბიუჯეტი სჭირდება. ოღონდ წინ ვიაროთ და ჯერჯერობით მხოლოდ ვიწრო ბილიკზე დავდივართ, მაგრამ ვიმედოვნებთ, თოჯინების თეატრს მეტი ყურადღება დაეთმობა არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ისეთი ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც მომავალი თაობის ინტერესებზე იზრუნებენ", – ამბობს სამხატვრო ხელმძღვანელი.

ფოტო: თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრი
სპექტაკლების მხატვრული ხარისხის პარალელურად, თოჯინების თეატრის მთავარი პრობლემა საკუთარი შენობის არარსებობაა. შეკითხვაზე, რისი მოლოდინი ან იმედი აქვთ, ელენე მაცხონაშვილმა გვიპასუხა: „ჩემი იმედი ძალიან სუბიექტური და აბსტრაქტულია, რადგან ვისაც არ უნდა ჰკითხო, უნდა ჰქონდეს თუ არა თოჯინების თეატრს შენობა, ყველა (იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, ნათესავი, მეგობარი, თანამოაზრე თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი) გვეუბნება, რომ „კი, როგორ არა, უნდა ჰქონდეს!", მაგრამ გადასაჭრელია ორი ურთულესი პრობლემა: აღმოვაჩინეთ, რომ შენობა აღმაშენებლის 3-ში, სადაც თოჯინების თეატრი ათეული წლების მანძილზე ფუნქციონირებდა და პატარებს მასპინძლობდა, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს გადავიდა ჯერ „განვითარების ფონდში", ხოლო შემდეგ თბილისის მერიის სარგებლობაში და გამოდის, რომ თეატრს კონკრეტული ფართით სარგებლობის უფლებაც აღარ აქვს. ვის ხელში როგორ აღმოჩნდა, არ ვეძიებით და არც დამნაშავეს ვეძებთ. ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ გამოსავალი და ხმა მივაწვდინოთ ადამიანებს, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დაგვეხმარებიან. ძალიან ბევრმა დღესაც არ იცის, რომ ფასადის მიღმა თოჯინების თეატრი აღარ ფუნქციონირებს, არადა, 2011 წლის გაზაფხულიდან ასეა".

რეპეტიციებს საპროექტოს შენობის 22 კვადრატული მეტრის ოთახში ატარებენ და მუზაში მხოლოდ ე.წ. პრაგონის დროს გადადიან. ბილეთის ფასია 4 ლარი. შაბათის ჩათვლით სააბონემენტო სისტემით მუშაობენ და სკოლებიდან მოსულ პედაგოგებს და ბავშვებს მასპინძლობენ, კვირას 12:00 საათზე კი, „ღია სალაროს" პრინციპით იღებენ მაყურებელს.

თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის სურვილია, მაყურებლის ასაკი, რომელიც ახლა 2-დან 8 წლამდე მერყეობს, ეტაპობრივად გაზარდოს და მომავალში საინტერესო თოჯინური დადგმა უფროსებსაც შესთავაზოს.

„აქამდე მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, რამდენადაც ველოდებოდით, როდის ჩაივლიდა არჩევნები – ამის გამო, სიტყვიერ დაპირებასაც ვერ გვაძლევდნენ. ახლა უკვე ველოდებით საბოლოო პასუხს მერიისგან... ძალიან მინდა, რაღაც გამოვიდეს, გაკეთდეს და განვითარდეს. 2014 წლის მაისში თეატრი 80 წლის ხდება და თითოეული ჩვენგანის ნების საკითხია, ექნებათ თოჯინების თეატრი თუ არა ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას!" – აღნიშნავს ელენე მაცხონაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები