მხედველობის აღდგენა

მეცნიერებმა გენური თერაპია სიბრმავის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენეს

პროფესორი რობერტ მაკკლარენი
University of Oxford

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მხედველობის დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგარ 6 პირს გენური თერაპიის გამოყენებით ოპერაცია გაუკეთეს. ექსპერიმენტი წარმატებით ჩატარდა და პაციენტებს მხედველობა მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქირურგებმა პაციენტების თვალში ჩანერგეს გენი, რომლის საშუალებითაც გადაარჩინეს სინათლის აღმქმელი უჯრედები.

კვლევაში მონაწილე მეცნიერების თქმით, ამ მეთოდით სიბრმავის ძირითადი ფორმების მკურნალობა შესაძლებელი გახდება.

პროფესორ რობერტ მაკკლარენის თქმით, რომელმაც ოპერაციები ჩაატარა, ის აბსოლუტურად აღფრთოვანებულია და მეცნიერები უკეთეს შედეგს ვერც კი ინატრებდნენ.

BBC იმ ადამიანებს ესაუბრა, რომლებსაც ექსპერიმენტის შედეგად მხედველობა გაუუმჯობესდათ, მათ შორისაა ექსპერიმენტის პირველი მონაწილე ჯონათან ვაიატი. მას ოპერაცია 2 წლის წინ, 63 წლის ასაკში გაუკეთდა.

BBC-ის ინფორმაციით, პროფესორ მაკკლარენის პირველ პაციენტს თვალის სიბრმავე გენეტიკური დაავადებით (choroideremia) ჰქონდა გამოწვეული. დაავადების დროს სინათლის აღმქმელი უჯრედები თანდათან კვდებოდა.

მხედველობის აღდგნეა გენური თერაპიის გამოყენებით
ფოტო: BBC
პაციენტს იმედი ჰქონდა, რომ ოქსფორდის მეცნიერების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დაავადების პროგრესი შეჩერდებოდა და ის შეინარჩუნებდა მინიმალურ მხედველობას, თუმცა, ოპერაციის შედეგად პაციენტის დაავადებამ არა მარტო შეწყვიტა პროგრესირება, არამედ, დაიწყო მხედველობის გაუმჯობესება და მას უკვე საგნების დანახვა ღამითაც შეუძლია.

ჯონათან ვაიატს მხედველობა იმდენად გაუუმჯობესდა, რომ მან სავაჭრო ცენტრში საყიდლებზე სიარული დამოუკიდებლად დაიწყო, ასევე შეძლო გარკვეული რაოდენობის ტექსტის წაკითხვა და გახდა უფრო მეტად დამოუკიდებელი.

BBC-ის ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ დაუყოვნებლივი შედეგი სხვა პაციენტებმაც იგრძნეს.

კომენტარები