კეზერაშვილის საქმე

კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები: გაგვაოგნა უპრეცედენტო პოლიტიკურმა ზეწოლამ

წერილის ორიგინალი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატები ორელიენ ჰამელი და ანტონინ ლევი, რომლებიც საადვოკატო ფირმა METZNER ASSOCIES-ს წარმოადგენენ, განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი ცილისწამებას უწოდებენ საფრანგეთში, კეზერაშვილის წინააღმდეგ თითქოსდა იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. განცხადებას ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

”ჩვენ ვიცავთ დავით კეზერაშვილის ინტერესებს ექსტრადიციის საქმეში, რომელსაც ექს-ან- პროვანსის ფრანგული სასამართლო განიხილავს.

მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს გასული დღეებისა და კვირების განმავლობაში ცილისმწამებლურ ბრალდებებს ჩვენი კლიენტის მიმართ და საფრანგეთის ექსტრადიციის პროცედურის განვითარებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას.

თავს მოვალედ მივიჩნევთ გაცნობოთ, რომ დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ქართული მხარის მოთხოვნაა მისი ექსტრადიციის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის ხელისუფლებას გაუგზავნა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი გამოძიება, მით უმეტეს - დევნა იარაღით ვაჭრობის აბსურდულ ბრალდებასთან დაკავშირებით, კეზერაშვილის წინააღმდეგ საფრანგეთში არ მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია არის ცილისწამება და იოლად ექვემდებარება გადმოწმებას საფრანგეთის შესაბამის ორგანოებთან.

ჩვენ არაერთი სენსიტიური საქმე გვიწარმოებია, როგორც ფრანგი, ისე უცხოელი თანამდებობის პირებისა და საჯარო პერსონების დასაცავად, მაგრამ უნდა გამოვტყდეთ, რომ გაგვაოგნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეზერაშვილის საქმეში გამოვლენილმა უპრეცედენტო პოლიტიკურმა ზეწოლამ, რომელიც მიზნად ისახავს, საფრანგეთის სასამართლო და ხელისუფლება დავით კეზერშვილის ექსტრადიციზე დაითანხმოს. გამუდმებული ზეწოლა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი კლიენტისთვის წარდგენილი ბრალი და ექსტრადიციის მოთხოვნა პოლიტიკურადაა მოტივირებული.

სამართლიანი სასამართლოს ფრანგული სტანდარტის გამაოგნებელი უგულებელყოფის დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ქართულ მედიაში გაჟონა სამუშაო დოკუმენტმა, რომელიც ჩვენი მოთხოვნით მომზადდა და რომლის საბოლოო ვერსიაც ჩვენ წარვუდგინეთ საფრანგეთის სასამართლოს. ეს დოკუმენტი სწორედ იმას ამტკიცებს, რომ დავით კეზერაშვილი სუფთა და კანონიერ ბიზნესს აწარმოებდა გასული წლების მანძილზე და აქარწყლებს იმ ბრალდებას, თითქოს ის კორუფციული სქემების მეშვეობით გამდიდრდა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია METZNER ASSOCIES, კონკრეტულად კი ორელიენ ჰამელი, იცავს ბრიტანეთის სამეფო ტახტის წარმომადგენლების, პრინცი უილიამისა და მისი მეუღლის, ქეით მიდლტონის ინტერესებს საფრანგეთში.

კომენტარები