ოსკარები 2014

ოსკარები 2014-ის დაჯილდოების ნომინანტების სია გამოქვეყნდა

”გრავიტაცია” და ”ამერიკული აფერა” 10-10, ხოლო ”მონობის 12 წელი” 9 ნომინაციით, ოსკარების 86-ე დაჯილდოების მთავარი ფავორიტები არიან.

დღეს ამერიკული კინოაკადემიის წარმომადგენლებმა, ოსკარი 2014-ის ნომინანტების სია დაასახელეს. ნომინაციების გამოცხადებამ მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. ყველაზე დიდი სიურპრიზი კოენების ფილმის ”ლევაინ დევისში” მთავარ ნომინაციებზე იგნორირება იყო. არადა, ძმებს რეჟისურისა და ფილმის ჯილდოსთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ. ასევე მოულოდნელი იყო სპაიკ ჯონზის ფილმიდან ”ის” ხოაკინ ფენიქსის პერსონაჟის თეოდორ თუომბლის ნომინაციის გარეშე დატოვება.

”ამერიკული აფერა”, ”მონობის 12 წელი”, ”ნებრასკა”, ”გრავიტაცია”, ”ფილომენა”, ”კაპიტანი ფილიპსი”, ”დალასის მყიდველთა კლუბი”, ”უოლ სტრიტის მგელი” და ”ის” - საუკეთესო ფილმისთვის განკუთვნილი ოსკარის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

2013 წლის საუკეთესო რეჟისორის წოდების მოპოვება მარტინ სკორსეზეს (”უოლ სტრიტის მგელი”), დევიდ ო. რასელს (”ამერიკული აფერა”), სტივ მაქუინის (”მონობის 12 წელი”), ალექსანდრ პეინს (”ნებრასკა”) და ალფონსო კუარონს (”გრავიტაცია”) შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ წელს ოქროს გლობუსი კუარონმა მოიპოვა.

საუკეთესო მსახიობი ქალისთვის განკუთვნილ ჯილდოს ქეით ბლანშეტის (”ლურჯი ჟასმინი”) სახით გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. მის გარდა ემი ადამსი (”ამერიკული აფერა”), ჯუდი დენჩი (”ფილომენა”), სანდრა ბულოკი (”გრავიტაცია”) და მერილ სტრიპი (”აგვისტო”) არიან ნომინირებულები. ერთი ფავორიტი არ ჰყავს საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის განკუთვნილ ოსკარს. მსახიობებს კრისტიან ბეილის (”ამერიკული აფერა”), ლეონარდო დი კაპრიოს (”უოლ სტრიტის მგელი”), ჩიუეტელ ეჯიოფორის (”მონობის 12 წელი”), ბრუს დერნის (”ნებრასკა”) და მეთიუ მაკონაჰის (”დალასის მყიდველთა კლუბი”) ჯილდოს მოპოვების დაახლოებით ერთნაირი შანსი აქვთ.

მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის მამაკაცებში ნომინირებულები ჯონა ჰილი (”უოლ სტრიტის მგელი”), ბარკად აბდი (”კაპიტანი ფილიპსი”), ბრედლი კუპერი (”ამერიკული აფერა”), მაიკლ ფასბინდერი (”მონობის 12 წელი) და ჯარედ ლეტო (”დალასის მყიდველთა კლუბი”) არიან. გამარჯვების მთავარი ფავორიტი, ოქროს გლობუსის მოპოვების შემდეგ, ჯარედ ლეტოა.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარი 2014-ზე ნომინაციები სალი ჰოკინსმა (”ლურჯი ჟასმინი”), ჯენიფერ ლოურენსმა (”ამერიკული აფერა”), ლუპიტა ნიონგ’ომ (”მონობის 12 წელი”), ჯუნ სქუიბიმ (”ნებრასკა”) და ჯულია რობერტსმა (”აგვისტო”) მოიპოვეს.

ოსკარის 86-ე დაჯილდოების ყველა ნომინაციისა და ნომინანტების ხილვა ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.

დაჯილდოების ცერემონია 2 მარტს გაიმართება. 

კომენტარები