კვების უსაფრთხოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვირის ხორცთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყება კუმისში აღმოჩენილ არალეგალურ სასაკლაოსთან დაკავშირებით კვლევას აგრძელებს.

როგორც სააგენტო აცხადებს, 15 იანვარს სოფელ კუმისში აღმოჩენილ არალეგალურ სასაკლაოსთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ღონისძიებების გატარებას. სპეციალისტებმა ადგილზე დაათვალიერეს ე. წ. ჭალას ტერიტორია, რომელიც, მათი განმარტებით, ნაგავსაყრელს უფრო ჰგავს, ვიდრე სასაკლაოს. ღია ცის ქვეშ მიმოფანტულია დაკლული ცხოველების, მათ შორის ვირის და ცხენის ჩონჩხი. სააგენტომ აღნიშნული ფაქტი შემდგომი კვლევისთვის უკვე აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.

პარალელურად, სარეალიზაციო ობიექტებში გაძლიერებულია კონტროლი. ერთ-ერთი ვერსიით, დაკლული ცხოველების ხორცი შესაძლოა, თბილისის საშაურმეებსა და რესტორნებში მოხვედრილიყო. ამიტომ თბილისის სამმართველოს სპეციალისტები დედაქალაქის მასშტაბით პერმანენტულ რეიდებს ახორციელებენ. შემოწმდება ყველა ის ობიექტი, სადაც ასეთი პროდუქტის მოხვედრის ალბათობაა.

კუმისში ვირისა და ცხენის არალეგალური სასაკლაოს არსებობის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-მა 15 იანვარს გაავრცელა. ტელეარხის ცნობით, ვირისა და ცხენის ხორცით თბილისში არსებული საშაურმეები და სახინკლეები მარაგდება.

კომენტარები