კეზერაშვილის საქმე

წულუკიანი: კეზერაშვილის ექსტრადიციის პროცესი მიმდინარეობს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საფრანგეთში თავდაცვის ყოფილის მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის პროცესი მიმდინარეობს.

"მე პირადად ვისურვებდი, რომ ექსტრადიციის საკითხისადმი იყოს რაც შეიძლება მშვიდი განწყობა, რათა ფრანგ მოსამართლეს მიეცეს საშუალება, პირუთვნელ და ობიექტურ, სიმშვიდის პირობებში გადაწყვტოს კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს. დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დავით კეზერაშვილს პროკურატურა ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ედავება. ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმეზე კი, კეზერაშვილი დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერთან გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

ამასთან, გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურორატურამ განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შემოსავლების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებს შეისწავლის.

"აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს. დავით კეზერაშვილი 2003-2008 წლებში იყო საჯარო მოხელე, კერძოდ, მას ეკავა ფინანსური პოლიციის უფროსის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობები. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი აღნიშნულ პერიოდში 100 ათას ლარს შეადგენდა. აუდიტორული კომპანია დელოიტის დასკვნის მიხედვით, კეზერაშვილის ბიზნესსექტორში გადასვლის შემდეგ, მის მიერ ოფშორულ ზონაში დაფუძნებულმა ჰოლდინგური კომპანიის საერთო შემოსავალმა 2009-2012 წლებში ასეულობით მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მთავარი პროკურატურის მიერ მოცემული გარემოებები შესწავლილი იქნება გამოძიების ფარგლებში", - აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.

მთავარი პროკურატურის განცხადებას დღეს წინ უძღოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის ბრიფინგი, რომელიც, თავის მხრივ, გაზეთ ალიაში დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

"დღეს გაზეთმა ალიამ გამოაქვეყნა დასკვნა ბატონი კეზერაშვილის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, საიდანაც დგინდება, რომ პრაქტიკულად იმ მომენტიდან, როდესაც ეს ბატონი აღარ იყო თავდაცვის მინისტრი, იქიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით ერთმილიარდიანი ფინანსური ბრუნვები ჰქონდა მას ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიაზე. თავისთავად, ეს შეიძლება არც ყოფილიყო მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა, გასაგებია, რომ არის რაღაც ბიზნესი, რომელსაც რაღაც ბრუნვა აქვს და ეს არ უნდა იყოს განსაკუთრებული ინტერესის საგანი, თუ არ გავითვალისწინებთ ორ ფაქტორს: პირველი, თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომამდე არცერთი დღის განმავლობაში, ბატონი კეზერაშვილი არ ყოფილა ბიზნესმენი. საქართველოს არასოდეს არ სცნობია იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს რაიმე განსაკუთრებული ბიზნესწარმატებები ჰქონდა, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა, ქონება დაეგროვებინა და დიდი ფინანსური სარგებელი მიეღო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მინისტრობიდან გადადგომისთანავე, ეს კაცი გახდა შპს ლუკოილის ნახევრის - 50% წილის მფლობელი, სიმბოლურ ფასად მიიღო მან ეს აქტივები და მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ პრინციპში, ეს იყო იმ ბიზნესის გათეთრება, რომელიც მანამდე ისედაც ჰქონდა, უბრალოდ, რაკი მინისტრი იყო, ამაზე არ საუბრობდა", - აცხადებს ხიდაშელი და აღნიშნავს, რომ ადრევე იყო საუბარი იმაზე, "თუ როგორი ზეწოლა მოახდინა ბატონმა კეზერაშვილმა არსებულ ნავთობის კომპანიების სხვადასხვა პატარა ქსელებზე, იმისათვის რომ ჩაენაცვლებინა ისინი საკუთარი კომპანიით".

 

კომენტარები