ვენეციის კომისიის ვიზიტი

უსუფაშვილი: ახალმა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო რეფორმას ხელი სერიოზულად მოჰკიდა

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო რეფორმას ხელი სერიოზულად მოჰკიდა.

„ჯანი ბუკიკიოს და ტომას მარკერტის თბილისში ვიზიტის დაგეგმვა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ სტრასბურგში, როდესაც საქართველოს მომავალ გეგმებზე ვისაუბრეთ, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში კონსტიტუციური ფუნდამენტის განმტკიცებას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას და ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას. ეს პროცესი საქართველოში დიდი ხანია მიმდინარეობს, სხვადასხვა პერიოდში წარმატების ხარისხი სხვადასხვა იყო. ახალმა ხელისუფლებამ ამ საკითხებს სერიოზულად მოჰკიდა ხელი. ასეთ ვითარებაში ვენეციის კომისია, რომელიც ევროსაბჭოს სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ეფექტური ინსტრუმენტია, გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნების დასახმარებლად თავიდანვე აქტიურად ჩაერთო. მნიშვნელოვანია, რომ ჯანი ბუკიკიო საქართველოს თემატიკით დაინტერესებულია 1993 წლიდან, როდესაც პირველი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა და რომელიც 1995 წელს კონსტიტუციის მიღებით დაგვირგვინდა", - თქვა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, ვენეციის კომისია ინფორმირებული იქნება საკონსტიტიციო რეფორმასთან დაკავშირებული პროცესების თაობაზე და ყველა საკითხზე კომისიას ექნება ხელმისაწვდომი რესურსი გამოცდილი ექსპერტების სახით. მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში მსჯელობა გაიმართება საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით.

„ყველა ამ საკითხზე ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა ვენეციის კომისიასთან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და ვენეციის კომისიას შორის ურთიერთობა არ არის მხოლოდ ფორმალური და ოფიციალური. ჩვენ გვაქვს უმაღლესი რანგის ექსპერტებთან ურთიერთობის საშუალება. როგორც კი ეს საჭირო ხდება, ჩვენი კოლეგები და მეგობრები მზად არიან დახმარება გაგვიწიონ", – თქვა უსუფაშვილმა.

კომენტარები