ოქროს ჟოლო 2014

ოქროს ჟოლო 2014-ის ნომინანტების სია გამოქვეყნდა

filmsnmovies.com

ოქროს ჟოლოს 34-ე დაჯილდოების მთავარი ფავორიტი დენის დუგანის ფილმი ”ზრდასრულები 2” (Grown Ups 2) იქნება. ნამუშევარი ყველა, ცხრა, ნომინაციის მთავარი ფავორიტია.

ოქროს ჟოლო წლის ყველაზე ცუდ მხატვრულ ფილმებს, მსახიობებსა და რეჟისორებს გადაეცემათ. ის ოსკარების პაროდიაა, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებამდე იმართება.

წელს ყველაზე ცუდი ფილმისთვის განკუთვნილ ოქროს ჟოლოს ერთმანეთს ”დედამიწის შემდეგ”, ”ზრდასრულები 2”, ”მარტოხელა რეინჯერი”, ”ფილმი 43” და ”მადეას შობა” შეეცილებიან.

2013 წლის ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი ჯონი დეპი (”მარტოხელა რეინჯერი”), ეშტონ კატჩერი (”ჯობსი”), ადამ სენდლერი (”ზდასრულები 2”), ჯეიდენ სმიტი (”დედამიწის შემდეგ”) ან სილვესტერ სტალონე (ნომინაცია სამი სხვადასხვა ფილმიდან მოიპოვა) გახდება. ქალის როლის ყველაზე ცუდად შესრულებისთვის ოქროს ჟოლოს მოპოვება კი ჰოლი ბერის (”ზარი”, ”ფილმი 43”), ნაომი უოტსს (”პრინცესა დიანა”, ”ფილმი 43”), ტაილერ პერის (”მადეას შობა”), სელენა გომესს (”გაქცევა”) და ლინდსი ლოჰანს (”კანიონები”) შეუძლიათ.  

რეჟისორები დენის დუგანი (”ზრდასრულები 2”), მ. ნაით შიამალანი (”დედამიწის შემდეგ”), გორ ვერბინსკი (”მარტოხელა რეინჯერი”), ტაილერ პერი (”მადეას შობა”) და ნამუშევრის ”ფილმი 43” ცამეტივე შემქმნელი ერთმანეთს, წლის გამორჩეულად ცუდი რეჟისორის ტიტულს შეეცილებიან.

ოქროს ჟოლოს დაჯილდოება პირველ მარტს გაიმართება.

 

კომენტარები