ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი

დარჩიაშვილი: დოკუმენტი პატარკაციშვილის ოჯახის სურვილით გასაიდუმლოვდა

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულება თავის დროზე, პატარკაციშვილის ოჯახის სურვილით გასაიდუმლოვდა. ამის შესახებ დარჩიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა. 

„პატარკაციშვილების ოჯახის დავასთან დაკავშირებული დოკუმენტის გასაიდუმლოება სახელმწიფოს მხრიდან ისეთივე მითი და ბლეფია, როგორი გასაიდუმლოებულიც ის იყო, ვითომ კეზერაშვილს რომ თავდებად ვუდგებოდით. აი, ასეთი დოკუმენტები, თავისი გონებრივი გამჭრიახობის დიაპაზონიდან გამომდინარე, რაღაც განსაკუთრებულ კომპრომატად მიაჩნიათ. იგივე არის პატარკაციშვილის ოჯახთან დაკავშირებით. დიახ, ის დავობდა საერთაშორისო არბიტრაჟში ქონების საკითხებზე სახელმწიფოსთან. ოჯახის სურვილი იყო, რომ ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებული ყოფილიყო. ეს დოკუმენტი გვეუბნება, რომ მას ჰქონდა დავა. სახელმწიფომ მას შესთავაზა მორიგება იმის გამო, რომ სახელმწიფო საერთაშორისო დონეზე ფინანსურად არ ყოფილიყო რისკის ქვეშ და ოჯახი დათანხმდა მიეღო გარკვეული, ასე ვთქვათ, ქონებრივი ობიექტები პირად საკუთრებაში და გარკვეული ვალების ჩამოწერა მოხდა. აქ არ იყო ლაპარაკი მაინცდამაინც კონკრეტულად იმედზე. იყო ლაპარაკი ზოგადად სახელმწიფოსა და ოჯახს შორის დავაზე. სახელმწიფომ ამ ოჯახს გარკვეული პირობები დაუკმაყოფილა და ოჯახმა შეწყვიტა დავა. სად არის აქ რაიმე განსაკუთრებული, რომელიც სხვა ქვეყანაში არ მომხდარა, ან სად არის აქ ზეწოლა, ზეწოლის მაგალითები“, - იკითხა დარჩიაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, 17 იანვარს, საჯარო გახადა 2011 წლის 6 ივლისს საქართველოს ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის გაფორმებული ის ხელშეკრულება, რომლითაც გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახმა უარი თქვა ტელეკომპანია იმედზე, სანაცვლოდ კი მათ კუთვნილ კომპანიებს ჩამოეწერათ საგადასახადო დავალიანება, ასევე, მათ უარი თქვეს ხელისუფლების წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავაზე.

ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ მხარეები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, ფინანსური პოლიცია (ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური), ეროვნული მარეგულირებელი კომისია, საგადასახადო დეპარტამენტი და თბილისის მუნიციპალიტეტი.

კომენტარები