გიორგი მარგველაშვილი თურქეთში

გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტით თურქეთს ეწვია. გიორგი მარგველაშვილს ანკარის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეფქან ალა, ანკარის მერი და ანკარის გუბერნატორი დახვდნენ.

ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო, მისი მავზოლეუმი მოინახულა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

დღესვე გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის რეზიდენციას ესტუმრა, სადაც ორი ქვეყნის ლიდერებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. ამის შემდეგ, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის უაღრესად მნიშვნელოვანი ტრანსნაციონალური პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ. აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს როლი ამ პროექტების განხორციელებაში რეაულურად სცილდება ჩვენს რეგიონს და, ფაქტობრივად, მთელი ევრაზიული კონტინენტის საკუთრება ხდება ეს პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველო და თურქეთი ისტორიული ძეგლების შესწავლის და რესტავრაციის მიმართულებით, ერთობლივად მუშაობენ.

"ჩვენ ფაქიზად ვრთავთ მეცნიერებს ორივე მხრიდან და ვახერხებთ, რომ ორივემ გადავდგათ ეფექტური ნაბიჯები. მინდა, მადლობა ვუთხრა თურქულ მხარეს იმ ხუთი დელეგაციის სტუმრობისთვის, რომლებიც აქ იყვნენ შარშან და სწავლობდნენ იშხანის ტაძარს და ოშკს. ასევე, იმ მომავალი სამუშაოებისთვის, რაც განხორციელდება ამ მიმართულებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 21 იანვარს ტაო-კლარჯეთს მონახულებით დასრულდება.

პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.

კომენტარები