თბილისის ბიუჯეტი

სევდია უგრეხელიძე: თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, ტელეანძა გამოირთვება

primetimenews.ge

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, ტელეანძა გამოირთვება. როგორც უგრეხელიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, თუ თბილისის საკრებულო მიიღებს ბიუჯეტს, რომელშიც იქნება გათვალისწინებული შესაბამისი თანხები,  ტელეანძა კვლავ განათდება.

"როგორც ცნობილია, საკრებულოს ქართული ოცნების უმრავლესობამ ამ ცოტა ხნის წინ არ დაამტკიცა თბილისის ბიუჯეტი. აქ იყო პოლიტიკური ხასიათის და სრულიად ყურით მოთრეული მიზეზები. მაგრამ მათ შორის იყო მაგალითად, თბილისის ტელეანძის განათება. ჩვენი აზრით, ამით მათ სურდათ პრობლემები შეექმნათ თბილისის მერიისთვის, თუმცა, სინამდვილეში პრობლემები შეუქმნეს ქალაქ თბილისის მოსახლეობას, ვინაიდან ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით  შეიძლება შეჩერდეს სოციალური პროგრამები, მაგალითად, ვაუჩერის, ჯანდაცვის, ოპერაციების, ბაღების, ქალაქის დასუფთავების დაფინანსება, ხიდების და გვირაბების შეკეთება და ა.შ. იმისთვის, რომ ცხადი გახდეს თუ რაზეა საუბარი და რომ ჩვენ მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ, გადავწყვიტეთ, გამოვრთოთ ტელეანძა, და ეს თანხები, სანამ არ დამტკიცდება ბიუჯეტი, არ იქნება წარმართული ტელეანძის შესაკეთებლად და მისი განათებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხერხი, რომელიც მიღებულია მსოფლიო პრაქტიკაში და რომელიც ცნობილია Goverment shut down-ის სახელწოდებით, როდესაც წყვეტს სერვისების მიწოდებას ესა თუ ის ადმინისტრაციული ორგანო, არის კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ რას ნიშნავს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა. ჩვენ ავირჩიეთ ისეთი თემა, რომელიც პირდაპირ არ აისახება მოსახლეობის პირად ცხოვრებასა და ინტერესებზე, არამედ ეს მეტყველებს ქალაქის იერსახეზე, ვინაიდან თბილისის ტელეანძა წლების განმავლობაში იყო განახლებული და განათებული თბილისის სიმბოლო. როგორც კი ჩვენ კონსულტაციებს შევუდგებით, დავამთავრებთ და ბიუჯეტს მივიღებთ, თუ მასში იქნება კეთილი ნება და იქნება გათვალისწინებული ეს თანხები, ტელეანძა კვლავ განათდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ეს და ვერც სხვა თემები, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს თბილისელებისთვის, ვერ განხორციელდება. ჩვენ მოვუწოდებთ უმრავლესობას, შევუდგეთ კონსულტაციებს და გადავწყვითოთ პრობლემები თბილისელებისთვის" - განაცხადა უგრეხელიძემ.

თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი დღეს კიდევ ერთხელ შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია. დეპუტატი თემურ გრიგალაშვილი იმედოვნებს, რომ საკრებულო ამ ვარიანტს თვის ბოლოს დაამტკიცებს.

"იმედი გვაქვს, რომ უმრავლესობა ამჯერად მაინც გამოვა თავისი პოლიტიკური ჩარჩოებიდან და დედაქალაქისა და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. მერიამ წარმოადგინა კორექტირებული ბიუჯეტი. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგების მხრიდან აღარ იქნება უარგუმენტო შენიშვნები და ბიუჯეტი ამ თვის ბოლოს დამტკიცდება", - განაცხადა გრიგალაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრების თქმით კი, ისინი მზად არიან კონსენსუსისთვის და სადავო საკითხების გადასაწყვეტად, მერიასთან და უმცირესობასთან კონსულტაციები ექნებათ. საკრებულოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმება 10 მარტამდე მოხერხდება.

"ჩვენ, ქალაქ თბილისის საკრებულო, მოწადინებულები და მოტივირებულები ვართ, რომ ქალაქს გააჩნდეს ბიუჯეტი, ოღონდ არა ისეთი, როგორიც უნდა კონკრეტულად ერთ პარტიას - ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ გვინდა, ქალაქს გააჩნდეს ბიუჯეტი, რომელიც მოტივირებული და მიზანმიმართული იქნება თბილისელების უკეთესი მომავლისთვის. ყელა თეთრი უნდა დაიხარჯოს ქალაქის ინტერესებისთვის და თბილისელებისთვის და არცერთი - პოლიტიკური ძალის პირადი ინტერესებისთვის", - ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი.

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

 

კომენტარები