აქციები უკრაინაში

უკრაინის შსს-მ ბერკუტს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მისცა

არეულობა კიევში

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, კიევის ქუჩებში კვლავ გრძელდება დაპირისპირება ევრომაიდანის აქტივისტებსა და სპეცრაზმ ბერკუტის წარმომადგენლებს შორის. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს ესვრიან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ასევე, რკინის ჭანჭიკებსა და ქვებს შურდულების გამოყენებით. სპეცრაზმელები საპასუხოდ იყენებენ ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს.

უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით რადიო თავისუფლება წერს, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმ ბერკუტს სპეციალური ბრძანებით ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მისცა. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კი განაცხადა, რომ სამართალდამცავთა ქმედება არ გასცდება კანონის ფარგლებს.

რადიო თავისუფლების ცნობით, 19-20 იანვრის შეტაკებების შედეგად მინიმუმ 150 ადამიანი დაშავდა ბარიკადების ორივე მხარეს, მათ შორის 30-მდე ჟურნალისტი.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი არეულობების დროს 31 ადამიანი დააკავეს, 9 დაკავებულს კი ბრალი არეულობის მოწყობისთვის წაუყენეს.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვია, თუმცა, ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, თუკი ხელისუფლება არ გააუქმებს 2 დღის წინ მიღებულ ანტიდემოკრატიულ კანონებს, რომლებმაც არეულობის პროვოცირება გამოიწვია.

კომენტარები