სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ახალ შეიხს შეხვდა

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დღეს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ახლადარჩეულ შეიხს, რამინ იგიდოვს შეხვდა. იგიდოვი ცოტა ხნის წინ სამმართველომ აირჩია, მას შემდეგ რაც მისი წინამორბედი ვაგიფ აკპეროვი გაურკვეველი მიზეზებით გადადგა. შეიხსა და მინისტრს შორის შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში განხორციელებულ ცვლილებებს მუსლიმთა ნაწილი უნდობლობას უცხადებს. ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებით, სახელმწიფო აღნიშნული სამმართველოს მეშვეობით კვლავ აგრძელებს მუსლიმთა რელიგიურ ცხოვრებაში ჩარევას და შეიხებად და მუფთებად მისთვის სასურველი კანდიდატები გაჰყავს. შეიხის არჩევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს თავმჯდომარემ მირ ჰუსეინ ასადოვმაც.

"ძვირფასო მუსლიმებო! როგორც იცით, სახელმწიფო მოხელეების დაარსებულ სამმართველოში საქართველოს მუსლიმებს ახალი ხელმძღვანელი დაუნიშნეს, სხვა გვარად რომ ვთქვათ, სააკაშვილის რეჟიმის ნამოქმედარი გაიმეორეს. მხოლოდ ერთი განსხვავებით - ამჯერად, ახალი დანიშნული პირი ერთ-ერთი ჩვენთაგანი აირჩიეს და დანიშნეს. ამით ისინი სიყალბეს, ჭეშმარიტების სამოსის ჩაცმევა სცადეს", - ნათქვამია განცხადებაში.

დღესვე მინისტრმა ზაქარეიშვილმა მუსლიმთა ბრალდებაზე, რომ მათ რელიგიურ ლიდერებს სახელმწიფო ნიშნავს, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლე არ შეესაბამება.

კომენტარები