Human Rights Watch-ის ანგარიში

უჩა ნანუაშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშს ეხმაურება

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშს ეხმაურება. მისი თქმით, სექსუალური უმცირესობების ნაწილში საქართველოში არსებულ ვითარებაზე ანგარიში სრულ თანხვედრაშია სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან.

"Human Rights Watch-ის ანგარიში სრულ თანხვედრაშია სახალხო დამცველის მიერ გასული წლის დეკემბერში მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით მთავრობის რეაქციაზე. ჩვენი ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში იყო დაგვიანებული რეაქცია, რიგ შემთხვევებში კი, საერთოდ არ მოხდა რეაგირება კონკრეტულ საკითხებზე, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული მცდელობები, რიგ შემთხვევებში კი, რეაგირება არ იყო ადეკვატური. ამ შემთხვევაში ვეთანხმებით Human Rights Watch-ის პოზიციას", - თქვა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილმა ანგარიშის იმ ნაწილზეც გააკეთა შეფასება, რომელშიც საუბარია გასული წლის 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირებაზე და, ასევე, ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე.

"Human Rights Watch-ს მოყვანილი აქვს სახალხო დამცველის პოზიცია და ჩვენი მოსაზრებაა, რომ კონკრეტულ საკითხზე, თუნდაც 8 თებერვალთან დაკავშირებით, რეაქცია იყო დაგვიანებული და პოლიციას უნდა გაეთვალისწინებინა ის შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა განვითარებულ მოვლენებს. მით უმეტეს, პოლიციას გააჩნდა ინფორმაცია დემონსტრანტთა რაოდენობის, მიზნებისა და ფორმების შესახებ, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო გამოყენებული. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, კითხვები შესაძლებელია არსებობდეს. მიმდინარეობს სასამართლო პროცესებზე ჩვენი დაკვირვება და რიგი საკითხები ჩვენს ანგარიშშიც იქნება ასახული", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენი Human Rights Watch ანგარიშის იმ ნაწილსაც შეეხო, სადაც საუბარია ახალი ხელისუფლების მხრიდან შესაძლო მოსმენების განხორციელებაზე და მოსასმენი აპარატურის ხელისუფლების ხელში არსებობაზე. ნანუაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გარანტირებული უნდა იყოს კანონმდებლობით.

"უნდა არსებობდეს გარკვეული სამართლებრივი ჩარჩოები და დარეგულირდეს ეს პროცესი, რომელიც დღემდე მაქსიმალურად არ არის დარეგულირებული, ამიტომ არის მნიშვნელოვანი შესაბამისი ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში. თუმცა, მნიშვნელოვანია, იმ სპეციალური კომისიის მუშაობა, რომელიც შექმნილია რამდენიმე თვის განმავლობაში და რომლის მიზანია, წარმოადგინოს გარკვეული დასკვნები და რეკომედაციები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იმ ვიდეომასალების და სხვა მასალების საფუძველზე, რომელიც გასულ წელს იქნა აღმოჩენილი", - თქვა სახალხო დამცველმა.

ნანუაშვილის თქმით, აღნიშნულმა კომისიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და საზოგადოებისთვის გარკვეული დასკვნა წარმოადგინოს.

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იქნას ის მასალები, რომლებიც მოპოვებულია, უნდა ჩატარდეს გამოძიება და ძალიან ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, თუ რატომ ხდებოდა ათასობით ვიდეო, აუდიო და ფოტომასალის მოპოვება წინა ხელისუფლების პირობებში. კანონმდებლობა ნამდვილად შესაცველელია", - თქვა უჩა ნანუაშვილმა.

 

კომენტარები