არეულობა უკრაინაში

უსუფაშვილი: ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მკაფიო მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, უკრაინის მთავრობამ და ოპოზიციამ მოვლენების კიდევ უფრო უარესი განვითარება თავიდან უნდა აიცილოს, რადგან კიევში მოვლენების მშვიდობიანი განვითარება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

"ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში სამწუხაროდ ვითარება გამწვავდა, არის მსხვერპლი და ქუჩებში დაძაბულობა იზრდება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო შეშფოთებას იწვევს. ჩვენ, პარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, არაერთხელ მკაფიოდ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. კიდევ ერთხელ ვისურვებ და გამოვთქვამ რწმენას, რომ პოლიტიკოსები, ქვეყნის ლიდერები, ხელისუფლება და ოპოზიცია უარესის თავიდან აცილებას შეძლებენ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კიევში ბერკუტსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად, საპროტესტო აქციის ორი მონაწილე დაიღუპა. გრუშევსკის ქუჩაზე სპეცრაზმელებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება 19 იანვარს დაიწყო. ევრომაიდანზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილმა ოპოზიციის ლიდერების ზედმეტად რბილ პოზიციასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და გრუშევსკის ქუჩაზე სამთავრობო შენობებისკენ მისასვლელ გზაზე მდგარ ბერკუტის თანამშრომლებს შეუტია. ოპოზიციის ლიდერების მცდელობის მიუხედავად, დემონსტრანტების შეჩერება ვერ მოხერხდა. ოპოზიციისა და მაიდანის აქტივისტების აღშფოთება 16 იანვარს რადას მიერ მიღებულმა რამდენიმე კანონმა გამოიწვია, რომლებიც დემონსტრაციების ჩატარებისა და სამოქალაქო აქტიურობის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. რადას მიერ მიღებული კანონები ძალაში დღეს შევიდა.

კომენტარები