ვითარება უკრაინაში

კალაძე: ტრაგედიაა, როცა მხოლოდ ძალა და კონფრონტაციაა ურთიერთობის საშუალება

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კალაძე მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას ”ანგარიში გაუწიონ მოსახლეობის მდგომარეობას” და მაქსიმალურად ეცადონ კომპრომისზე წასვლა.

”საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. სამწუხაროდ ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ეს იწვევს თანაგრძნობასა და სოლიდარობას. მე პირველ რიგში პიროვნულად განვიცდი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან მაქვს ამ ქვეყანასთან პირადი, სენსიტიური დამოკიდებულება. ჩემთვის უკრაინა მეორე სახლია და ეს განწყობა ამძაფრებს ჩემს გულისტკივილს მიმდინარე პროცესების ხილვისას. განვიცდი როგორც მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის გულშემატკივარი მთავრობის წევრი. ეს არის ტრაგედია, როცა ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი ვერ შედგა და მხოლოდ ძალა და კონფრონტაციაა ურთიერთობის საშუალება. ეს არის კატასტროფა, როცა ადამიანები იღუპებიან. ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თუ ნებას, ნებისმიერ სამოქალაქო აქტივობას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა ხელშეუხებელია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და მითუმეტეს სიცოცხლე. მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, ოპოზიციას, გაუწიონ ანგარიში მოსახლეობის მდგომარეობას და მაქსიმალურად ეცადონ კომპრომისზე წასვლა, ურთიერთშეთანხმება. მათ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული თუნდაც ამ წუთებში თითოეული მანიფესტანტის, თითოეული ძალოვანის ბედი და მდგომარეობა და მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული რამდენად მალე გადავა უკრაინა ნორმალური ცხოვრების კალაპოტში. მინდა ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს , მთლიანად უკრაინელ ხალხს, საქართველოსთვის ახლობელ და მეგობარ ქვეყანას ვუსურვო კრიზისის დაძლევა, ამ ტკივილის გადალახვა და ქვეყნის დაწყნარება” - აცხადებს კალაძე.

კომენტარები