ჩინეთი

ჩინური საპნის ბუშტი

ქეთი ზუკაკიშვილი
0 კომენტარი

ან რა ელის ჩინეთს

ჩინეთის ეკონომიკა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ სიდიდით მეორეა და ზრდას განაგრძობს. შედეგად, ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ აზიური გიგანტის მომავალი ეკონომიკური ჰეგემონიისა და ახალი გლობალური ძალთა ბალანსის შესახებ. ბოლო 30 წლის განმავლობაში საშუალო 10%-იანი ზრდის მიუხედავად, ჩინეთი დღემდე რჩება ქვეყნად, სადაც ათეულობით მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ გამოქვაბულში ცხოვრობს. ამდენად, მკვლევრების დიდ ნაწილს კომუნისტური პარტიის „ჩინური ოცნების" ახდენა არარეალისტურად მიაჩნია.

ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეკონომიკის სწრაფ აღმავლობას აუცილებლად მოჰყვება ზრდის შეჩერება. მაგალითად გამოდგება ინდუსტრიული რევოლუციის პირველი ტალღა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში. აშშ-ში 1870-იანი წლების რეკორდული 15%-იანი ზრდა, 2000 წლიდან მოყოლებული, საშუალო 1-3%-მა მაჩვენებელმა ჩაანაცვლა. მე-19 საუკუნის მიწურულიდან დაიწყო დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდის შეჩერებაც. თუკი 1870 წლისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური output-ის მიხედვით ავსტრალიის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა, 1914 წლისთვის მეოთხეზე იყო, ხოლო დღეს პირველი ათეულის მიღმაა.

ასევე განვითარდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეკონომიკური სასწაულები იაპონიაში, კორეაში, ტაივანსა და დასავლეთ გერმანიაში. 1970-იან წლებში 8%-იანი ზრდის მაჩვენებელი იაპონიაში დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და 1990 წლიდან ამომავალი მზის ქვეყნის ეკონომიკა ნულოვან ზრდას განიცდის.

სწორედ ამიტომ, ჩინური ეკონომიკური სასწაულის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი ცნობილი გერმანელი მკვლევარი, იოზეფ იოფე. მსგავს განვითარებას იოფე „კლებადი მოგებიანობის" ეკონომიკური კანონით ხსნის. დროთა განმავლობაში, იაფი მუშახელი იკლებს, ხოლო ყოველი ახალი კაპიტალდაბანდება იმავე სექტორში უფრო და უფრო ნაკლებ მოგებიანია. ამდენად, საჭირო ხდება სოფლის მეურნეობისა და წარმოების ტრადიციული ფორმების სერვისითა და ტექნოლოგიებით ჩანაცვლება, რაც „სასწაულებრივი" ეკონომიკური ზრდის „ნორმალიზაციას" იწვევს. იოფეს აზრით, ამ მრავალგზის ნაცად კანონს ვერც მსოფლიოს მეორე ეკონომიკა გადაურჩება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩინეთში 30 წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო 10%-იანი ზრდის წყალობით, 500 მილიონზე მეტი მოქალაქე უკიდურესი სიღატაკისგან გათავისუფლდა. აზიური გიგანტის სასარგებლოდ მეტყველებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი რაოდენობით შედინება (2012 წელს ჩინეთი ამ მაჩვენებლით მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩებოდა) და 2 ტრილიონი დოლარის ღირებულების წლიური ექსპორტიც. თუმცა, ამავდროულად, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 6,091 აშშ დოლარია, რაც მას მსოფლიოში 90-ე ადგილზე აყენებს. 2012 წელს, ჩინეთის მაჩვენებელი შეერთებული შტატებისას 8-ჯერ ჩამოუვარდებოდა.

ამ დრომდე, ჩინური კომპანიების წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებდა სიღატაკეში მცხოვრები სოფლის მოსახლეობის ინდუსტრიულ ზონებში მიგრაცია და იაფი მუშახელი. „ჰუკუს" რეგისტრაციის სისტემის მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ჩინეთის 250 მილიონზე მეტი მოქალაქე უკვე შიდა მიგრანტია, ხოლო შრომით ბანაკებში 200 000-მდე მოქალაქეა დაკავებული. მიუხედავად ამისა, არც მოსახლეობის რესურსია ამოუწურავი. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩინეთის სამუშაო ასაკის მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ურბანიზაციასთან ერთად ეკონომიკის აღმავლობა გამოიწვია. თუმცა, ერთი შვილის პოლიტიკის შედეგად, 2030 წლამდე ჩინეთის მუშახელი დაბერებას დაიწყებს. ამ ფონზე, პოლიტიკის შერბილებამ კიდევ უფრო მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, რადგან მომუშავე მშობლებს ბავშვების სახით დამატებითი ეკონომიკური ტვირთი გაუჩნდებათ.

ჩინეთისგან განსხვავებით, შეერთებული შტატების დემოგრაფიული მაჩვენებელი იმედისმომცემია. ურბანიზაციის 82%-იანი დონით და ღია საიმიგრაციო პოლიტიკის წყალობით, აშშ ინარჩუნებს მოსახლეობის წლიურ 1-2%-იან ზრდას. სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, 2050 წლისთვის შტატების მოსახლეობა 40%-ით გაიზრდება და 440 მილიონი გახდება.

გარდა ამისა, ჩინური „იაფი მუშახელი" სულ უფრო და უფრო ძვირდება და ნაკლებ კონკურენტული ხდება. 2000 წლიდან მოყოლებული, ჩინეთში საშუალო ანაზღაურება ოთხჯერ გაიზარდა. მსგავსი დინამიკა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, პეკინი ცდილობს, შიდა მოხმარების ბაზარი გააფართოოს, ტექნოლოგიური ლიდერი გახდეს და მსოფლიოს წამყვან კომპანიებში წილები დააგროვოს.

აღსანიშნავია, რომ იაფი მუშახელის პრობლემა მწვავედ არ დადგება უახლოეს ათწლეულში. 1.3-მილიარდიანი მოსახლეობის 10% ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა (დღიური 1,8 აშშ დოლარი) ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი ჩინეთს, ინდოეთის შემდეგ, ღარიბთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე აყენებს.

ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვან გამოწვევებად რჩება ეკონომიკური ზრდის თანმხლები პროცესები: სოციალური უთანასწორობა, სწრაფი ურბანიზაცია, გარემოს დაბინძურება და შიდა და გარე მიგრაცია. ამ ფონზე, მსოფლიო ბანკმა ჩინეთის მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი წელს 7-8%-მდე შეამცირა.

მომავლის პროგნოზირებისთვის, ეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად მნიშვნელოვანია აზიური გიგანტის მმართველობის სისტემის ანალიზიც, რადგან ეკონომიკური განვითარება წარმოუდგენელია პოლიტიკური ასპექტების გათვალისწინების გარეშე.

აზიური გიგანტის დეკლარირებული მიზანი „ჩინური ოცნების" რეალიზებაა. არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, პრეზიდენტმა სი ძინპინმა კომუნისტური პარტიის მე-18 ცენტრალურ კომიტეტს მესამე პლენუმზე ათწლეულის პრიორიტეტები წარუდგინა. მათ შორის მთავარი ეკონომიკის ზრდა და მოდერნიზაციაა, თუმცა პოლიტიკური ცვლილებები გამოირიცხება.

სი, რომელსაც ჩინური საზოგადოება პრეზიდენტობამდე ძირითადად ცნობილი მომღერლის – პენ ლიუანის მეუღლედ იცნობდა, ლიდერის პოზიციას თანდათან იმტკიცებს. ნაკლებად ცნობილი ძინპინის გაპრეზიდენტებისას შიშობდნენ, რომ ახალი უმაღლესი ლიდერი არა დენ სიაოპინის რეფორმისტულ, არამედ მაო ძედუნის კონსერვატიულ კომუნისტურ იდეოლოგიას გაატარებდა. თუმცა კრიტიკული პროგნოზები არ გამართლდა: სი ძინპინისა და პრემიერმინისტრ ლი კექიანის ტანდემი ჯერჯერობით პროგრესულად გამოიყურება.

ნოემბერში დახურულ კარს მიღმა გამართული მესამე პლენუმის საინფორმაციო კომუნიკე საუბრობს ეკონომიკის ისეთ მოდერნიზაციაზე, სადაც მიმართულებების განსაზღვრისას ბაზარს „წამყვანი" როლი მიენიჭება. ჩინეთი მიზნად ისახავს, 2020 წლისთვის „საშუალო კეთილდღეობის სახელმწიფო" გახდეს, სადაც მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხი არა მხოლოდ განვითარებულ ქალაქებში, არამედ სოფლადაც მაღალი იქნება. The Economist-ის ინფორმაციით, რეფორმებს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ახალი ჯგუფი უხელმძღვანელებს, რომლის თავმჯდომარედაც, შესაძლოა, თავად პრეზიდენტი მოგვევლინოს.

Deutsche Bank-ის სტრატეგიული მრჩეველი ჩინეთის საკითხებში ლინ ლი ოპტიმისტურადაა განწყობილი. ლი Forbes-თან საუბარში აცხადებს, რომ საერთაშორისო კომერციულ არენაზე ყველაზე დიდი ინტერესით ჩინური ბაზრის დერეგულაციასა და სახელმწიფო საწარმოების, განსაკუთრებით, ბანკების, რეფორმას ელიან. დღესდღეობით ჩინური იუანი მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა და მისი კურსი საბაზრო გაცვლით არ რეგულირდება. შანხაის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში ბანკებისთვის საპროცენტო განაკვეთებსა და ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებული ოპერაციების ნებართვა შემდგომი ლიბერალიზაციის იმედებს აჩენს. ამ ეტაპზე ეს ჩინეთის ნაკლებგანვითარებული კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, უმსხვილესი ეკონომიკური აქტივობის შექმნა შეუძლია.

მიუხედავად ცალკეული ოპტიმისტური განწყობებისა, თანამედროვე ინოვაციური გლობალური ეკონომიკის პირობებში წარმოუდგენელია მდგრადი განვითარება კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის, კონტრაქტის თავისუფლების და დავების მოგვარების ეფექტიანი და სამართლიანი სისტემის გარეშე. ეს ყველაფერი ჩინეთში უპრეცედენტო ადმინისტრაციულ რეფორმას მოითხოვს, რისი პოლიტიკური ნებაც აბსოლუტურად არ ჩანს.

არა ბაზრის მიერ მართული, არამედ მძლავრ ბიოროკრატიულ აპარატზე დამოკიდებული ეკონომიკის პირობებში, სახელმწიფო სტრუქტურები საკუთარ ინტერესჯგუფებს იცავენ. ჩინეთში ამ დროისთვის 100,000-მდე სახელმწიფო საწარმოა, რომელთა მოგებიანობა ხშირად არა რეალური მოთხოვნა-მიწოდების, არამედ კორუფციის, საგადასახადო შეღავათებისა და კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვის შედეგია. მსგავსი სისტემა გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადი და არაეფექტიანია. შესაბამისად, რეალისტური სცენარის მიხედვით, არცთუ შორეულ მომავალში, ჩინეთიც დასავლეთ ევროპისა და „აზიელი ვეფხვების" ბედს გაიზიარებს.

ჩინეთთან ფრთხილ დამოკიდებულებას გვირჩევს ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი მარტინ ჟაკიც. „როდესაც მსოფლიოს ჩინეთი მართავს" ავტორის აზრით, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ დასავლური სამყაროსგან სრულიად განსხვავებულ სახელმწიფოს აღქმაზე. ქრისტეს შობამდე 221 წელს პირველი იმპერატორის, ცინ ში ხუანდის მიერ სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფოების გაერთიანების შემდეგ, ჩინეთის სახელმწიფოებრიობას ძლიერი ცენტრალური მმართველობა განაპირობებდა.

დასავლური კულტურებისგან განსხვავებით, ჩინეთს არ გამოუცდია რესპუბლიკური ღირებულებების მატარებელი რევოლუციები. აქ არც ადამიანი, როგორც ინდივიდი, აღმოცენებულა სისტემის ცენტრად.

ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეკონომიკის სწრაფ აღმავლობას აუცილებლად მოჰყვება ზრდის შეჩერება.

ინეთში სახელმწიფო არასოდეს ყოფილა აღქმული, როგორც სოციალური კონტრაქტის შედეგად დაფუძნებული ინსტიტუცია, რომელსაც აუცილებლად უნდა დავუწესოთ რაც შეიძლება მკაფიო საზღვრები. აქ ხელისუფლების შტოთა მკაფიო განცალკევება და ურთიერთკონტროლი დღის წესრიგში არ დგას. მიუხედავად იმისა, რომ 31 პროვინცია დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხით სარგებლობს, ჩინეთი მაინც რჩება განვითარებად სახელმწიფოდ უზარმაზარი მოსახლეობით და ძლევამოსილი ცენტრალური აპარატით, სადაც ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური შიში არა სახელმწიფოს უკიდურესი გაძლიერება, არამედ სრულიად საპირისპირო ფენომენი: მისი დასუსტება და შესაძლო ქაოსია.

საგულისხმოა ისიც, რომ დასავლურ სამყაროში ჩინეთს ხშირად შეცდომით მონოლითურ, ერთგვაროვან სახელმწიფოდ წარმოიდგენენ. მართალია, მოსახლეობის 90%-მდე საკუთარ თავს ჰანის ეთნოსის წარმომადგენლად მიიჩნევს, მაგრამ, ამავე დროს, ჩინეთი წარმოუდგენელი ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული სიჭრელით ხასიათდება. უმცირესობებიდან ოფიციალური სტატუსი მხოლოდ 56-ს აქვს, თუმცა ტიბეტელებისა და მუსლიმი იუგურების პრობლემები რიგით ჩინელებში სოლიდარობაზე მეტად არეულობისა და ბუნდოვანი მომავლის შიშს ბადებს. მსგავს მიდგომებს მარტინ ჟაკი „ცივილიზაციური სახელმწიფოს" იდეით ხსნის, სადაც ათვლის წერტილი არა მოქალაქეთა წინაშე კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშვალდებულება, არამედ ჩინური ცივილიზაციის მუდმივობა, სიძლიერე და სტაბილური განვითარებაა.

ჩინეთის უახლესი ისტორიაც ცხადყოფს, რომ ცენტრალურ აპარატში კონცენტრირებული ძალაუფლების სისტემა სოციალური გამოწვევების პირისპირ სრულიად მოუქნელია. ასეთ დროს ეკონომიკური შოკი გარდაუვალია. მაგალითისთვის, მაო ძედუნის დიდი პროლეტარული კულტურული რევოლუციის დროს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 8%-ით შემცირდა, 1989 წელს ტიანანმენის მოედნის საპროტესტო გამოსვლების სისხლიანი ჩახშობის ფონზე კი, ეს მაჩვენებელი 2.5%-მდე დაეცა.

ეკონომიკაზე პირდაპირ გავლენას მოახდენს ჩინური ნაციონალიზმის ზრდა და მეზობლებთან შესაძლო ტერიტორიული კონფლიქტებიც. მოსახლეობის კონსერვატიზმისა და კომუნისტური პარტიის სიძლიერის გათვალისწინებით კი, სი ძინპინს „ბაზრის როლის" რეალური გაზრდა ძალიან გაუჭირდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ რეფორმებს, მესამე პლენუმის კომუნიკეს მიხედვით, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. პირიქით, დეკლარირებული მიზნები: კორუფციასთან ბრძოლა და ეკონომიკის გაძლიერება სწორედ სტაბილური სახელმწიფო აპარატის ფარგლებში უნდა იყოს მიღწეული.

ამ ფონზე გასაკვირი იყო კომუნიკეში გაჟღერებული ინიციატივა „სოციალური ორგანიზაციების" აღმოცენების შესახებ. თავისი არსით, სოციალური ორგანიზაციები დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს უახლოვდებიან, თუმცა ჩინეთში ისინი სახელმწიფო მანდატის ქვეშ იარსებებენ.

არ არის მოსალოდნელი ინფორმაციის თავისუფლების გაუმჯობესებაც. დღეს ცენზურის გამო ჩინეთის მოსახლეობას დასავლურ მედიაზე წვდომა, ფაქტობრივად, არ აქვს. მკაცრად კონტროლდება ინტერნეტი, სადაც ამერიკულ მედიაგიგანტებს Google-სა და Facebook-ს ბლოკავენ და ადგილობრივი ანალოგებით RenRen და Baidu ანაცვლებენ.

მესამე პლენუმის კომუნიკე ყურადღების მიღმა ტოვებს სასჯელაღსრულების სისტემასაც, რომელიც აზიური გიგანტის ერთ-ერთ შავ ლაქად რჩება. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების მონაცემებით, ჩინეთში სიკვდილით წლიურად დაახლოებით 5,000 ადამიანს სჯიან, რაც ყველა დანარჩენი ქვეყნის ერთად აღებულ მაჩვენებელს აჭარბებს. სიკვდილით დასჯა მიღებული სასჯელია არა მარტო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, არამედ არაძალადობრივი კრიმინალური აქტებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან ჩინეთის უზენაესმა სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენება შეზღუდა, სიკვდილმისჯილთა ოფიციალური რიცხვი კვლავ სახელმწიფო საიდუმლოა.

ამ ფონზე, ჩინეთს მოსახლეობა მასობრივად ტოვებს, განსაკუთრებით თვალშისაცემი კი მდიდარი ფენის „თავისუფალ სამყაროში" მიგრაციაა. China Merchants Bank and Bain & Company-ის ანგარიშის მიხედვით, 100 მილიონი ჩინური იუანის (16 მილიონი აშშ დოლარი) მქონე მოსახლეობის 27%-მა ჩინეთი უკვე დატოვა, ხოლო 47% მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გამორიცხავს.

მნიშვნელოვან გამოწვევებს რომ გაუძლოს, ჩინეთმა უნდა განაგრძოს ეკონომიკური აღმავლობა, რასაც, თავის მხრივ, დაპირებებზე მეტად, სახელმწიფო აპარატის რეალური მოდერნიზაცია და კორუფციის აღმოფხვრა სჭირდება. ახალი უმაღლესი ლიდერის წარმატება დიდწილად მის ჯერ კიდევ უცნობ პირად თვისებებზეც იქნება დამოკიდებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იოკო ონომ ჯონ ლენონის Imagine-ის ახალი ვერსია გამოუშვა

კომენტარები