გერმანია

გერმანიის კომპრომისული სამთავრობო გეგმა

გიორგი თაბაგარი
0 კომენტარი

თითქმის სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გერმანიას კოალიციური მთავრობა ჰყავს. სამი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფის – ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის, ბავარიის ქრისტიანულ-სოციალური კავშირის და სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეთანხმების შედეგად, ანგელა მერკელი კანცლერის პოსტს მესამე ვადით დაიკავებს. 185-გვერდიან კოალიციურ შეთანხმებაში მთავრობის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმაა გაწერილი. როგორც გერმანული გამოცემა Spiegel-ი აღნიშნავს, ანგელა მერკელს სოციალისტებთან შეთანხმება მნიშვნელოვანი დათმობების ფასად დაუჯდა.

უმთავრესი საკითხი, რაზეც მხარეებმა შეთანხმება შეძლეს, გერმანიაში საარსებო მინიმუმის დაწესებას შეეხება. აღნიშნულ ცვლილებას ქრისტიან-დემოკრატები მხარს არ უჭერდნენ, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ სოციალ-დემოკრატებთან დათმობაზე წასვლა გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ აქამდე გერმანიაში საარსებო მინიმუმი დადგენილი არ იყო და ცალკეული ინდუსტრიების მიერ განისაზღვრებოდა. კოალიციური შეთანხმების შედეგად კი, ქვეყნის მასშტაბით საარსებო მინიმუმი საათში 8.50 ევროს ოდენობით განისაზღვრა. ერთადერთი, რაც ქრისტიან-დემოკრატებმა შეძლეს, აღნიშნული ცვლილების ამოქმედების თარიღის გადაწევაა. როგორც Spiegel-ი აღნიშნავს, ცალკეული გამონაკლისების და გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, ცვლილება სრულად 2017 წლის იანვარში უნდა ამოქმედდეს.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების შედეგად დადგენილი საათობრივი საარსებო მინიმუმი 45 პროცენტით მეტია აშშ-ის საარსებო მინიმუმზე. ისევე, როგორც ბევრად მაღალია ევროკავშირის უმრავლეს წევრ სახელმწიფოებთან შედარებით. დოიჩე ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 8.50-ევროიანი საარსებო მინიმუმი კოალიციის მცდარი არჩევანია, რომელიც გერმანიას 450 ათასიდან 1 მილიონამდე სამუშაო ადგილის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საარსებო მინიმუმი დაახლოებით 6 მილიონ მუშას (საერთო რაოდენობის 17%) შეეხება. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ამას მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი არ ექნება და, დიდი ალბათობით, სამომავლოდ საარსებო მინიმუმის კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს. დოიჩე ბანკის თანახმად, საარსებო მინიმუმის დაწესება ცალსახად უარყოფითად იმოქმედებს პრობლემურ ჯგუფებზე. განსაკუთრებით საფრთხის შემცველი კი შეიძლება გახდეს სტრუქტურულად არცთუ ისე მძლავრ რეგიონებში. როგორც კვლევაშია აღნიშნული, აღმოსავლეთ გერმანიის ცალკეულ ნაწილში 8.50-ევროიანი საარსებო მინიმუმი არ იქნება ხელისშემწყობი გარემოება ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის თვალსაზრისით. მეტიც, დოიჩე ბანკის თანახმად, ეს კიდევ უფრო გაზრდის უმუშევრობას.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალ-დემოკრატებისთვის მოლაპარაკებების პროცესში წითელი ხაზი სწორედ საარსებო მინიმუმის დაწესებაზე გადიოდა. შესაბამისად, მიღწეული შეთანხმებიდან გამარჯვებულები უდავოდ სოციალ-დემოკრატები დარჩნენ.

მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია ანგელა მერკელის ბავარიელი მოკავშირე ჰორსტ სიჰოფერიც. როგორც New York Times-ი აღნიშნავს, ბავარიის პრემიერმა მოახერხა მისთვის პრიორიტეტული საკითხის გატანა. შეთანხმების თანახმად, გერმანიის ავტობანებით სარგებლობა უცხოელი მძღოლებისთვის ფასიანი გახდება. სიჰოფერის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ყოველწლიურად ასობით მილიონ ევროს მოუტანს გერმანიის ეკონომიკას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკითხი დეტალურად არ არის გაწერილი და ამ ეტაპზე უცნობია, როდის ან საერთოდ შევა თუ არა იგი ძალაში. ზემოხსენებული ცვლილება ასევე თანხვედრაში უნდა იყოს ევროკავშირის რეგულაციებთან. იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსპორტის სფერო ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენციაა, აუცილებელია, რომ გერმანიის შიდა რეგულაცია შეესაბამებოდეს ევროკავშირის სამართალს.

მოლაპარაკებების პროცესში ასევე მნიშვნელოვანი იყო პენსიების შესახებ შეთანხმების მიღწევა. ქრისტიან-დემოკრატები მხარს უჭერდნენ იმ მშობლებისთვის პენსიის გაზრდას, ვინც ბავშვის დაბადების შემდეგ ნახევარ განაკვეთზე გადადიოდა, ან დროებით ტოვებდა შრომის ბაზარს. შეთანხმების შედეგად, პენსია გაეზრდება ყველა იმ მშობელს, ვინც 1992 წლამდე დაბადებული ბავშვები აღზარდა. თავის მხრივ, სოციალ-დემოკრატებმა მოახერხეს კონსერვატორების დარწმუნება საპენსიო ასაკის დაწევასთან დაკავშირებით. დოკუმენტის თანახმად, ყველა ის პირი, ვინც 45 წელი მუშაობდა და აკეთებდა შენატანს საპენსიო სისტემაში, 67 წლის ნაცვლად, 63 წლის ასაკში შეძლებს პენსიაზე გასვლას. აღნიშნული ცვლილება 2014 წლის 1 ივლისს შევა ძალაში.

ამასთან ერთად, 2017 წლიდან პენსია 850 ევრომდე გაეზრდებათ დაბალი შემოსავლის მქონე მუშებს. როგორც Spiegel-ი აღნიშნავს, კოალიციამ საპენსიო რეფორმით ხაზი გაუსვა, რომ ახალი მთავრობა დიდწილად პენსიონერი მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება. იგი მორგებულია ასაკში მყოფი გერმანელების კეთილდღეობაზე, მაგრამ იმავეს არ უქადის ახალგაზრდა თაობას. რეფორმის მოწინააღმდეგეების აზრით, ორივე პარტიამ გათვლა ხმების მოზიდვაზე გააკეთა, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა გერმანიის ფინანსური სტაბილურობა და სოციალური სისტემა შეეწიროს. Spiegel-ის თანახმად, 20-დან 40 წლამდე გერმანელები უნდა შეეგუონ იმ რეალობას, რომ მათი პენსია ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე მათი მშობლების იყო.

ცალსახაა, რომ საარსებო მინიმუმის დაწესება და საპენსიო რეფორმაც პოპულისტური რეფორმებია და საზოგადოების საკმაოდ ფართო ნაწილს ეხება. თუმცა ამ ეტაპზე გაურკვეველია, როგორ აპირებს გერმანიის მთავრობა ხარჯების მობილიზებას. თუ გავითვალისწინებთ ცვლილებების მასშტაბს, საუბარია მილიარდობით დამატებითი ევროს დანახარჯებზე, რაც ევროპის ყველაზე მძლავრ ეკონომიკასაც კი მძიმე ტვირთად დააწვება.

სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდის თაობაზე. დოკუმენტის მიხედვით, 2035 წლისთვის, გერმანიის საერთო მოხმარებული ენერგიის 55-60 პროცენტს, სწორედ განახლებადი ენერგია უნდა შეადგენდეს. აღნიშნული გეგმა საკმაოდ ამბიციურია და ასევე დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ცალსახაა, რომ მწვანე ენერგიის გამოყენების ზრდა მნიშვნელოვანია ენერგორესურსების დივერსიფიცირების კუთხით. თუმცა, გერმანიას ყოველწლიურად განახლებადი ენერგიის სუბსიდირება 20 მილიარდ ევრომდე უჯდება. ისევე, როგორც უფრო მეტის გადახდა უწევთ იმ მოქალაქეებს, ვინც ელექტროენერგიას განახლებადი რესურსებიდან მოიხმარს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიაში განახლებადი ენერგიის გამოყენება ბოლო ათწლეულში საგრძნობლად გაიზარდა. გამოყენებული ელექტროენერგიის 25 პროცენტამდე სწორედ მწვანე ენერგიაზე მოდის და ამ ნიშნით იგი მოწინავეა ევროკავშირში. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის 2020 წლის სტრატეგია განახლებადი ენერგიის გამოყენების წილის მხოლოდ 20 პროცენტამდე ზრდას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დათმობა, რაზეც ქრისტიან-დემოკრატებს მოუხდათ წასვლა, საიმიგრაციო კანონში შესატან ცვლილებებს შეეხება. სოციალ-დემოკრატების მოთხოვნით, იმიგრანტების ოჯახებში დაბადებული ბავშვები ორმაგი მოქალაქეობით ისარგებლებენ. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, გერმანიის პასპორტის მქონე მოქალაქეებს არ აქვთ არჩევანი, პარალელურად ჰქონდეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეები და იმიგრანტები იმ სახელმწიფოებიდან, სადაც მოქალაქეობის გამოცვლა ლეგალურად შეზღუდულია. აქამდე არსებული ყველა მცდელობა, რომ შეცვლილიყო აღნიშნული კანონი, კონსერვატორების მიერ იქნა დაბლოკილი. ქრისტიან-დემოკრატების აზრით, მსგავსი ტიპის შესწორება ხელს შეუშლიდა იმიგრანტების ინტეგრაციის ისედაც პრობლემურ პროცესს გერმანიაში.

მიღწეული შეთანხმებაც მხარეებს შორის ერთგვარი კომპრომისის შედეგია. კონსერვატორები დათანხმდნენ შესწორებას, თუმცა ცვლილება მხოლოდ თურქულ ემიგრაციას შეეხება და ამ ეტაპზე არ გავრცელდება სხვა ჯგუფებზე. როგორც Time-ი აღნიშნავს, ეს არ იყო მარტივი დათმობა ანგელა მერკელისთვის. გერმანიის კანცლერის განცხადებით, არსებობს საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იქნას დაშვებული.

პარტიებს შორის გამართული მოლაპარაკებების კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას ერთსქესიანი წყვილების ქორწინება წარმოადგენდა. სხვა საკითხებისგან განსხვავებით, მხარეებმა ამ თემაზე კომპრომისის მიღწევა ვერ შეძლეს. ერთადერთი ცვლილება, რაზეც პარტიები შეთანხმდნენ, შვილად აყვანის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სწრაფი განხორციელებაა. Spiegel-ის თანახმად, სასამართლოს დადგენილება პირველი ნაბიჯია, რომელიც საბოლოოდ ქორწინების თანაბარი უფლებით უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გეი მშობლის პარტნიორსაც მიეცემა იმავე ბავშვის შვილად აყვანის უფლება. აღნიშნულ საკითხზე დოკუმენტში ნახსენებია, რომ მთავრობა იმუშავებს გერმანულ საზოგადოებაში სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

17 ნოემბერს ბერლინში ხელი მოეწერა შეთანხმებას კოალიციური მთავრობის შექმნაზე
შიდა პოლიტიკის მიღმა კოალიციური შეთანხმება თითქმის უცვლელს ტოვებს გერმანიის საგარეო პოლიტიკას, როგორც ევროკავშირთან მიმართებით, ისე კონტინენტს მიღმა. ბრიტანული გამოცემა Guardian-ის შეფასებით, ამ მიმართულებით კოალიციური შეთანხმება მოკლებულია დიდ იდეებსა და სტრატეგიებს. უნდა აღინიშნოს, რომ დიპლომატიური ამბიციის ნაკლებობა გერმანული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციის ერთგვარი გამოძახილია. როგორც Guardian-ი აღნიშნავს, გერმანელები კომფორტულად გრძნობენ თავს არსებულ ვითარებაში და ნაკლებად აქვთ ცვლილებების მოთხოვნილება.

ამის მიუხედავად, შეიძლება რამდენიმე საკითხის გამოყოფა, რამაც ასახვა ჰპოვა კოალიციურ დოკუმენტში. პირველ რიგში, ეს ეხება ევროზონის კრიზისს და გერმანიის მთავრობის მიდგომას აღნიშნული პრობლემისადმი. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ევროზონის ქვეყნების პოლიტიკა სოლიდარობასა და პასუხისმგებლობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ანგელა მერკელის განცხადებით, დავალიანების კავშირის ნაცვლად, ევროკავშირი უნდა იქცეს სტაბილურობის კავშირად. მისი თქმით, გერმანია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ევროკავშირს ექნება სტაბილური მომავალი.
აღნიშნული განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევრო და ევროზონის სტაბილიზაცია გერმანიის მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იქნება. თუმცა, განცხადებების მიღმა, დოკუმენტი ევროზონის კრიზისის დაძლევის რაიმე განსხვავებულ მიდგომას არ გვთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხში სოციალ-დემოკრატები დათმობაზე წავიდნენ. მათი მცდელობა, რომ შეერბილებინათ ანგელა მერკელის მკაცრი პოლიტიკა კრიზისში მყოფი ევროზონის ქვეყნების მიმართ, უშედეგო აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ანგელა მერკელმა შიდა პოპულარობა ბოლო წლებში დიდწილად სწორედ ევროზონის კრიზისის პერიოდში გაიმყარა. მისი განცხადებით, საბერძნეთზე ზეწოლის გაგრძელება რეფორმების ბოლომდე მიყვანის მიზნით, მისი, როგორც კანცლერის პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ თერაპიის კურსი სამხრეთ ევროპის ქვეყნების მიმართ ახალი მთავრობის პირობებშიც გაგრძელდება.

ევროზონის კრიზისთან მიმართებით მნიშვნელოვანი იქნება ასევე საბანკო კავშირის შექმნა, რომელიც, მისი მხარდამჭერების აზრით, ისეთივე ეპოქალური შეიძლება გახდეს, როგორიც ევროს შემოღება იყო. გერმანიის კოალიციური მთავრობა აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას დაემატება საერთო საზედამხედველო ორგანო და პრობლემების ერთობლივი მოგვარების მექანიზმი.

გარდა ამისა, დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხება ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებას. European Voice-ის თანახმად, გერმანიის მთავრობის მიზანი ახალი ინიციატივების წამოწყება იქნება, რომელიც გააძლიერებს და გააღრმავებს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა წელიწადში ერთი სამიტი დაუთმონ საერთო საგარეო, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკას. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გერმანიის მთავრობა მხარს დაუჭერს ევროპის თავდაცვის ინტეგრაციას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპული არმიის შექმნასაც ითვალისწინებს. მართალია, პრაქტიკაში მისი გამოყენება რთული წარმოსადგენია არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, თუმცა იდეის დონეზე გერმანია ამას მხარს დაუჭერს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მონაწილეობა საერთო სამხედრო ოპერაციებში მუდმივ პრობლემას წარმოადგენს. 1994 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, გერმანიის პარლამენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სამხედრო მისიებში მონაწილეობის თაობაზე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ცალსახად ბიუროკრატიულია და თითქმის წარმოუდგენელს ხდის სწრაფ რეაგირებას საერთაშორისო კრიზისის შემთხვევაში. კოალიცია თანხმდება, რომ არსებული სისტემა გადახედვას საჭიროებს. იმისთვის, რომ გერმანია საერთო ევროპული თავდაცვის სისტემის სანდო პარტნიორად და კონტრიბუტორად იქცეს, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების უფრო მოქნილი მექანიზმის შემუშავება.

რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის ინსტიტუტებს, კოალიციური პროგრამის თანახმად, ახალი მთავრობა შეეცდება ევროპის პარლამენტისა და ეროვნული საკანონმდებლო ორგანოების როლის გაზრდას.

ნსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით, მთავრობა ასევე გეგმავს ევროკომისიის კოლეგიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას. თუ დღეს არსებული სისტემით, თითო წევრ ქვეყანაზე ერთი ევროკომისარი მოდის, გერმანიის მთავრობა მხარს დაუჭერს კოლეგიის სამუშაო პორტფოლიოების მიხედვით დაკომპლექტებას. აღნიშნული ინიციატივა, დიდი ალბათობით, წინააღმდეგობრივი იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცვლილება პირველ რიგში პატარა წევრ სახელმწიფოებზე აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისრები პირდაპირ მაინც არ ექვემდებარებიან ეროვნულ მთავრობებს, რთული იქნება პატარა წევრი ქვეყნების დარწმუნება, რომ მხარი დაუჭირონ კომისიის ამ სახით არჩევის წესს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები