პატიმართა წამება

გიგა ბოკერია: ზოგიერთ ციხეში სისტემური დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იყო

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ციხეებსა და სამართალდამცავ სისტემაში 2012 წლის ოქტომბრამდე არსებული პრობლემები კონტროლისა და დისკუსიის ნაკლებობით იყო გამოწვეული.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის მშენებლობა დაიწყო, რა დროსაც რთულ გამოწვევებს გაუმკლავდა, თუმცა, იყო პრობლემებიც.

"ყველაზე მწვავე და მტკივნეული საკითხი სწორედ პენიტენციურ სისტემაში განვითარებული მოვლენები იყო. ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ლეგიტიმური ამოცანა, მოესპო ორგანიზებული დანაშაული ქვეყანაში. რეფორმის შედეგად ახალი შესაძლებლობები მიეცა ადმინისტრაციას, მათ უნდა ემართათ სისტემა ისე, რომ ძალადობა საჭირო არ ყოფილიყო. სამწუხაროდ, ეს მექანიზმი გამოუყენებელი დარჩა და ძალადობრივ, ხშირად უკანონო მეთოდებს დაემყარა ამ სისტემის მუშაობა", - განუცხადა გიგა ბოკერიამ კვირის პალიტრას. მისი მოსაზრებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ციხეში წამების დანაშაული არასრულყოფილად გამოიძია.

"ციხის კადრებზე ახალმა ხელისუფლებამ სრულფასოვანი გამოძიება არ ჩაატარა, მეტიც, გაათავისუფლა ადამიანები, რომლებიც საკვანძო ფიგურები იყვნენ პატიმრების წამებაში, მაგრამ ვერ გავექცევით რეალობას, რომ ზოგიერთ ციხეში სისტემური დანაშაულის ნიშნები იყო", - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია. მისივე თქმით, პოლიციის განყოფილებებში აღმოიფხვრა სისტემური ძალადობა, თუმცა, რეფორმა დააკნინა სხვადასხვა ფაქტმა.

"ბოლო შემზარავმა ფაქტებმა, რომელიც სამეგრელოში მოხდა, დააკნინა ჩვენ მიერ გატარებული რეფორმა, მართალია, ფაქტი განყოფილებების გარეთ მოხდა, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ჩადიოდნენ ამ დანაშაულს. ეს ადასტურებს იმას, რომ უწყებაში არსებობდნენ ელიტარული სპეცჯგუფები, რომლებიც არასაკმარისად კონტროლდებოდა", - უთხრა კვირის პალიტრას გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას მოსაზრებით, აღნიშნულ სპეცჯგუფებში დაუსჯელობის განცდა გაჩნდა, რაც ყოფილ მმართველ გუნდში "სერიოზული" პოლიტიკური გარღვევა იყო.

"არ შეიძლება სისტემა დაეყრდნოს პერსონებს. ძალაუფლება არის სახიფათო და უკონტროლო ძალაუფლება თითქმის ყოველთვის ცუდად მთავრდება", - მიიჩნევს გიგა ბოკერია.

 

კომენტარები