პატიმრობის შესახებ კანონი

სუბარი: ციხეში ხელკეტის დანიშნულების შესაბამისად გამოყენება ნორმალურია

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პატიმრებისადმი ჰუმანიზებული მოპყრობისკენ გადადგმული ნაბიჯია. როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოს ექნება პატიმრობის ევროპულ წესებთან და გაერო-ს სტანდარტებთან შესაბამისი ცივილიზებული კოდექსი.

"ყველა ის სპეცსაშუალება თუ ფართობის მინიმალური სტანდარტი პატიმრობის ევროპული წესებიდან და გაეროს მინიმალური სტანდარტებიდან გამომდინარეობს. მოდელად ავიღეთ ესტონეთის მაგალითი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და თანამედროვე კოდექსი აქვს. გარდა ამისა, ვიდრე კოდექსი მთავრობასა და პარლამენტში განსახილველად შევიდოდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობდით ევროსაბჭოს ოფისთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის ოფისთან. მათი შენიშვნები გავითვალისწინეთ და შემდეგ მოვაწყვეთ კონფერენცია, რომელზეც სპეცსაშუალებების ჩამონათვალთან დაკავშირებით არც ერთი შენიშვნა არ ყოფილა", - განაცხადა სუბარმა.

მინისტრის ინფორმაციით, პატიმრობის კოდექსში ჩამოთვლილი სპეცსაშუალებები პოლიციის შესახებ კანონში ჩამოთვლილ სპეცსაშუალებებზე გაცილებით ვიწროა.

სუბარის განცხადებითვე, პოლიციის შესახებ კანონით მსოფლიოში და საქართველოშიც დასაშვებია ელექტროშოკის გამოყენება, რასაც პატიმრობის შესახებ კანონი კრძალავს.

"აჟიოტაჟი ზედმეტია. პირველად, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს ძალიან უახლოვდება", - თქვა სუბარმა და აღნიშნა, რომ კანონი ზოგად ნორმებს განსაზღვრავს, დეტალებს კი, მინისტრი გაწერს - რა შემთხვევაში რომელი კონკრეტული სპეციალური საშუალების გამოყენება იქნება დასაშვები.

"ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები გაოცებული იყვნენ, როდესაც მონიტორინგისას აღმოაჩინეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები შეიარაღებული არ იყვნენ ხელკეტებით, რადგან ეს მსოფლიოში დაშვებულია. კარგად გვახსოვს, ხელკეტები ჰქოდათ, მაგრამ იყენებდნენ ადამიანების წამებისთვის. ეს იქნება გამორიცხული, ვიდრე ჩვენ ხელისუფლებაში ვართ. მაგრამ ის, რომ ხელკეტი დანიშნულების შესაბამისად იყოს გამოყენებული, ეს ნორმალურია. შარშან თებერვალში, სამი პატიმრის ჩხუბს ჩვენი თანამშრომელი შეეწირა, სწორედ იმიტომ, რომ მათ არანაირი დაკანონებული სპეციალური საშუალება არ აქვთ", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, კოდექსში გათვალისწინებულია გასაჩივრების მექანიზმიც.

ცნობისთვის, პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ სპეცსაშუალებების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს პატიმრის დაუმორჩილებლობის ან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში შეუძლიათ. ჩამონათვალს ემატება წიწაკის გაზი და დამაწყნარებელი სკამი.

კომენტარები