უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა

არასამთავრობოები: გავერთიანდეთ უკრაინის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ "იმ ძალადობის გამო, რაც მიმართულია თავისუფალი და ძლიერი სულისკვეთების მქონე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ". განცხადების ხელმომწერების შეფასებით, უკრაინელები ფუნდამენტურ უფლებებს, თავისუფლებასა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს იცავენ.

"უკრაინა და საქართველო ისტორიულად წარმოადგენენ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ ტრაგიკულ და სასტიკ საბჭოთა ოკუპაციის ისტორიას. საერთო წარსული მოგვიწოდებს, გავაერთიანოთ ძალები ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავლის დასაცავად. მოსკოვის პოზიცია უკრაინის ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ამბიციას, შექმნას ახალი გამყოფი ხაზი ევროპაში. სწორედ ამიტომ ჩვენ გვსურს შევუერთდეთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს იმის გაცხადებაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, შემოაბრუნოს ჩვენი ქვეყნების ევროპული გზა. სოლიდარობის გამოცხადებასთან ერთად, ამ რთულ დროს ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ ჩვენი პროფესიული და ინტელექტუალური მხარდაჭერა უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უკრაინელებს გამოცდილების და ცოდნის გაზიარებას, საერთაშორისო კომუნიკაციის ხელშეწყობას, იურიდიული ექსპერტიზის უზრუნველყოფას, უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და არსებული პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანად გამოსვლის გზების ძიებაში რჩევების მიცემას სთავაზობენ. 

"ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სოლიდარობა ამ ეტაპზე ევროპული ღირებულებების, თავისუფლების ღრმა რწმენის, მშვიდობის და დემოკრატიის გამარჯვების საწინდარია", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS), საერთაშორისო საზოგადოება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDa), საერთაშორისო გამჭირვალობა (TI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD), საზოგადოება ივერია, მედიის განვითარების ფონდი, ფონდი ALPE, ევროპულ ღირებულებათა ქართული ინსტიტუტი (GIEV), საქართველოს ატლანტიკური საბჭო, სამოქალაქო განათლების ფონდი, მედიაჰოლდინგი ტაბულა, თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი (TCPA), გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICGS), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), კავშირი„საფარი“, იდენტობა, ფსიქოტრავმების ქართული საზოგადოება. ასევე, თამარ გურჩიანი (იურისტი), ნინია კაკაბაძე (ჟურნალისტი), დათო ტურაშვილი (მწერალი), ოთარ კახიძე (იურისტი), ირაკლი აბსანძე (ჟურნალ ლიბერალის მთავარი რედაქტორი), ნინო ბექიშვილი (ჟურნალისტი), ნინო მუსერიძე (Frontline Georgia Club), გრიგოლ ვაშაძე (დიპლომატი), ჯანა (დარეჯან) ჯავახიშვილი (ფსიქოლოგი), ეკა კვესიტაძე (ჟურნალისტი), ქეთი დევდარიანი (სცენარისტი), გიორგი ლიფონავა (რეჟისორი), მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი), ზვიად გუმბარიძე (პროდიუსერი), ლევან ღამბაშიძე (ფილოსოფოსი), კახა გოგოლაშვილი(GFSIS), დავით პაიჭაძე (ჟურნალისტი), ვატო ლეჟავა (კონსტულტანტი), იაგო ხვიჩია (იურისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი), ნინო დანელია (მედიამკვლევარი), რუსუდან ვაშაკიძე (ჟურნალისტი) და ირაკლი საღინაძე (პროდიუსერი).

 

კომენტარები