ხანძარი მიცკევიჩის ქუჩაზე

დედათა და ბავშვთა პროფილაქტიკურ ცენტრში ორი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე დედათა და ბავშვთა პროფილაქტიკურ ცენტრში სამართალდამცველებმა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ორი გარდაცვლილი იპოვეს. სამაშველო სამსახურის ცხელ ხაზზე შეტყობინება მიცკევიჩის 29 ნომერში არსებული ხანძრის შესახებ შევიდა. სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ გიორგაძის თქმით, ხანძრის ჩაქრობის მიუხედავად, მაშველებმა ადგილზე ორი მამაკაცის გვამი იპოვეს.

"შეტყობინება შემოვიდა, რომ მიცკევიჩის 29 ნომერში მოხდა აფეთქება და ხანძარიც იყო. გამოშვებული იყო რვა ერთეული ჯგუფი, მოსვლისთანავე დადასტურდა, რომ პირველ სართულზე არის განლაგებული დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი. ერთ-ერთ ოთახში იყო ხანძარი გაჩენილი, დაახლოებით 15-20 კვადრატულ მეტრზე. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა, მაგრამ სამწუხაროდ შიგნით იქნა აღმოჩენილი დაღუპული მამაკაცის გვამი. პირველადი დათვალიერებიდან გამომდინარე, ის ცეცხლისგან გარდაიცვალა. ასევე, აღმოჩენილია მეორე ადამიანი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით არის დაღუპული. ყველა სათანადო სამსახური ადგილზეა მობილიზებული, გამოძიება დაწყებულია და ისინი დაადგენენ ვინაობასაც და მიზეზებსაც, რატომ შეიძლებოდა მომხდარიყო უბედური შემთხვევა", - განაცხადა თემურ გიორგაძემ.

კომენტარები