რელიგიები

ზაქარეიშვილი: რელიგიური კონფესიები დაახლოებით 4,5 მილიონ ლარს მიიღებენ

ტაბულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე მთავრობა ზარალს უნაზღაურებდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ სხვა რელიგიური გაერთიანებები, რომლებმაც საბჭოთა პერიოდში არანაკლები ზარალი მიიღეს, დახმარების მიღმა რჩებოდნენ.

"ამ ჩამონათვალში შევიდა ოთხი რელიგიური მიმართულება - ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები. ეს არის საკმაოდ სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა. მან მკაფიოდ დააყენა ამ ღონისძიების განხორციელების საკითხი და ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ამ თემაზე მუშაობა დაიწყო. კმაყოფილი ვარ, რომ ორივე პრემიერმინისტრის უშუალო დავალება ძალიან სწრაფად შევასრულეთ", - თქვა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს მორწმუნე ადამიანების 90% და სხვა რელიგიური გაერთიანებების ზარალის შესწავლაც თანდათან მოხდება.

"თემა არ დახურულა და სხვა მიმართულებებზეც ვიმუშავებთ. ჯერჯერობით საუბარია ზოგად თანხაზე, რომელიც პროპორციულად განაწილდება. თანხის ზედა ზღვარი 4,5 მილიონი ლარით განისაზღვრება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები