ოდეერი

TI: დადასტურდა, რომ შსს-ს თანამშრომელი GNCC-ის თავმჯდომარის მრჩეველია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. TI-ს განცხადებით, შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამართველოს უფროსი და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელი ერთი და იგივე პიროვნება ზაზა მაზმიშვილია. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, მარეგულირებლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა კომისიის წევრებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა უნდა იყოს.

"ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ მარეგულირებელ კომისიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი წარმომადგენელი იმყოფება, რომელსაც მეტსახელად “გენერალს” ეძახიან და რომელიც კომისიის თანამშრომლებსა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციას აგროვებს. მიგვაჩნია, რომ ეს არის მაუწყებლობის შესახებ კანონის (მუხლი 6) უხეში დარღვევა. კანონი კრძალავს მარეგულირებლის საქმიანობაში ნებისმიერ ჩარევას. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ზაზა მაზმიშვილი, რომელიც კომისიის ვებგვერდზე უწყების თანამშრომლების სიაშია მოხსენიებული, 1963 წლის 30 ივნისს დაიბადა. ეს ადასტურებს, რომ მაზმიშვილი იგივე პიროვნებაა, რომელმაც გასულ წელს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციაში მითითებულია, რომ მაზმიშვილი შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამართველოს უფროსია და ის 1963 წლის 30 ივნისს არის დაბადებული. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარსულში არ დააკმაყოფილა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მოთხოვნა მოეწოდებინათ მაზმიშვილის CV იმ არგუმენტით, რომ ის არ წარმოადგენს თანამდებობის პირს. მათ თქვეს, რომ მაზმიშვილმა პირადად უარი განაცხადა აღნიშნული დოკუმენტის გაცემაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავის დროზე, უარყო ის ფაქტი, რომ მათი წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ბრალდებებს “არასერიოზული” უწოდა. ეს კი იმის ფონზე მოხდა, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ე.წ. „ოდეერების” პრაქტიკის არსებობა და მას პრობლემური უწოდა", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ TI-საქართველომ ასევე მოიპოვა 2002 წლის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, ვინმე ზაზა მაზმიშვილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსი იყო.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. „ოდეერების” (ОДР - офицер действующего резерва), სახელმწიფო ინსტიტუტებში ყოლის პრაქტიკა წარმოადგენს საბჭოთა კავშირის დროინდელ გადმონაშთს, რომელსაც იყენებდა როგორც შევარდნაძის, ასევე ვარდების რევოლუციისა და 2012 წლის ოქტომბრის შემდგომი ახალი მთავრობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების უახლესი ვერსიის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) ერთ-ერთი ძირითა­დი ამოცანა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანო­ებსა და დაწესებულებებში დანიშნული უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, და ასევე მათ მიერ მო­წო­დებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავებაა. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს უპატივცემულობას ისეთი დამოუკიდებელი უწყებების მიმართ, როგორიც მარეგულირებელი ორგანოებია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოითხოვოს სამინისტროს წარმომადგენლები სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან და პატივი სცეს ისეთი ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, როგორიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა, რომელთა ხელშეუხებლობაც კანონითაა დაცული. საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ნება და ბოლო მოუღოს საბჭოთა დროინდელ „ოდეერების” პრაქტიკას. დაუშვებელია, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი მუდმივად გამოიყენოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევის საბაბად. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გარეშე ხდებოდეს", - წერია TI-საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს 25 ოქტომბრის განცხადებით, შს სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში, ასევე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. შსს-მ სხვადასხვა უწყებაში თავისი ფარული წარმომადგენლების ყოფნა უარყო.

ამასთან, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი ციბაძე ზეწოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის იყო კონტრდაზვერვის თანამშრომელი, რომელიც მაუწყებელში სიტუაციის სამართავად იყო მიგზავნილი. როგორც ემზარ გოგუაძემ ტაბულას განუცხადა, ციბაძეს ხელფასს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უხდის, გარდა ამისა, შსს-ც უარყოფს, რომ ციბაძე უწყების თანამშრომელია. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისთვის გაუგებარია, თუ რა მიზნითა და ვისი დავალებით მუშაობს ირაკლი ციბაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში. თავად შსს-ს განცხადებით, ციბაძე სამინისტროს თანამშრომელი არ არის.

ე.წ. ოდეერის, იგივე უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა სხვადასხვა უწყებებში არსებობაზე გაზეთ რეზონანსის რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან საჯარო შეხვედრისას ისაუბრა. მან პრემიერს ჰკითხა, როდის აპირებდა მთავრობა ამ ინსტიტუტზე უარის თქმას, რომელიც, ტუღუშისვე თქმით, ქვეყნის "სამარცხვინო ლაქაა". ყოფილმა პრემიერმა მაშინ საჯაროდ აღიარა, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს.

"მთავრობის სხდომაზე ორჯერ მქონდა პოლემიკა ამაზე. ამას გარეთ ვერ გამოვიტან, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ამაზე უარი ვთქვათ და ალბათ უახლოეს მომავალში მოვახერხებთ. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს ასე არ უნდა იყოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები